მაკა ბოჭორიშვილი ხორხე ლუსინი სერანო დე აროს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულს საქართველოში, ხორხე ლუსინი სერანო დე აროს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, კერძოდ კი პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობას. თავის მხრივ, ესპანეთის საქმეთა რწმუნებულმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. ამ კუთხით, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ესპანეთის დიდ წვლილს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში. ესპანეთის საქმეთა რწმუნებულმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კომიტეტის თავმჯდომარემ ხორხე ლუსინი სერანო დე აროს დეტალურად გააცნო საქართველოს გეგმები 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.