მამუკა მიქელაძე – ფიროსმანის მონათესავე სული…

დღეს თანამედროვე ქართული მხატვრობის საამაყო წარმომადგენლის, მამუკა მიქელაძის დაბადების დღეა. მინდა მივულოცო 62 წლისთავი ჩვენს გამოჩენილ ხელოვანს, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორს, რომლის შემოქმედებაც ფართოდ არის ცნობილი და აღიარებული როგორც ჩვენში, ასევე საზღვარგარეთ. მან ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ოცზე მეტი პერსონალური ექსპოზიცია გამართა და ორმოცამდე ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. ასევე მოხატა ათი ეკლესია საქართველოში და ერთიც საფრანგეთში – პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი.
იგი არის ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი და მრავალფეროვანი მხატვარი დღევანდელ საქართველოში. მისი დაზგური და ფრესკული ხელოვნება გამოირჩევა მაღალი ოსტატობითა და მიმზიდველობით. მის სურათებს მრავალ ცნობილ კოლექციაში შეხვდებით დედამიწის გარშემო. მნახველს მოსწონს მამუკა მიქელაძის ფერწერა, რომელიც განსაკუთრებულ სასიცოცხლო ენერგიას გამოსცემს და მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის სურვილს ბადებს.
მამუკა მიქელაძის ტილოებიდან დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობა გარემომცველი სამყაროსა და ადამიანის მიმართ. ადამიანად ყოფნის სიხარულსა და სევდას დასტრიალებს მხატვრის ფიქრი და სწორედ ამიტომაც არის მისი სურათები ესოდენ მოქმედი და მგრძნობიარე.
ცალკე თემა და საქართველოსთვის ნამდვილი განძია მამუკა მიქელაძის მიერ ტაძრებში შექმნილი ფრესკები. ვინც იხილავს ბიწმენდში, ბოდბეში, კაკაბეთში, სალხინოში, ამბროლაურსა თუ თბილისში (საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესია დიღმის კინოსტუდიის ეზოში, ქაშუეთის ტაძრის კარიბჭე) მის მოხატულობას, გულგრილი ვერ დარჩება მათ მიმართ. ასევე აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თბილისის ყოფილი ეროვნული ბანკის დარბაზის მხატვრობა. რუდუნებით დაწერილი ეს ფრესკები ასწლეულებს გადასწვდება და მათი ოსტატის ნატიფი ხელწერისა და გამორჩეული სულიერების კვალს ცხოვლად შეინახავს.
მამუკა მიქელაძე განსაკუთრებულ სიახლოვეს და სულიერ მიჯაჭვულობას ავლენს ფიროსმანთან. მე არ მეგულება სხვა ფერმწერი, რომელიც მასავით ხშირად ხატავს ცხოველებსა და ფრინველებს. მან ეს სიყვარული ფიროსმანთან შეიგრძნო პირველად და ამ მადლის გამონაშუქი თითქმის მის ყველა ტილოს ატყვია. მამუკა მიქელაძის ცხოველების მზერას ვერასოდეს დაივიწყებ, ისინი თან გდევენ, რადგან მათი თვალებით სიანკარე და უტყვი თანაგრძნობა გესალბუნება.
არაერთხელ მიფიქრია, რა სიმდიდრე გვექნებოდა, ფიროსმანს ფრესკები რომ შეესრულებინა რომელიმე ტაძარში და ისინი შემოგვრჩენოდა. არადა, ყველაზე ეკლესიური იერსახეები და აუმღვრევი თვალები სწორედ ფიროსმანთან გვხვდება. მის მხატვრად ჩამოყალიბებაში საეკლესო მოხატულობამ ხომ გადამწყვეტი როლი შეასრულა?!
სწორედ ბავშვობაში, ოზაანის ამაღლების ეკლესიაში ნანახმა ფრესკებმა განსაზღვრა ფიროსმანის მხატვრობით დაინტერესება, ეს იყო მისთვის ყველაზე შემძვრელი ზემოქმედება, რამაც მასში მხატვარი აღმოაცენა.
თანამედროვე ფრესკისტი სხვაც არაერთი მინახავს, მაგრამ მამუკა მიქელაძის მოხატულობას სულ სხვა მადლი დაჰყვება, ეს არის წმინდა ფიროსმანისეული მოვლენა ჩვენს კედლის მხატვრობაში. ვუყურებ მამუკა მიქელაძის ფრესკებს და ვუმზერ ფიროსმანს! და აქ უნებურად თავს შემახსენებს გრიგოლ რობაქიძის ფრაზა: „ხედავ ფიროსმანს და გჯერა საქართველო“.
მართალია, ფიროსმანს საეკლესიო ფრესკები არ შეუქმნია, მაგრამ ასე მგონია, მის ხატებს ზუსტად ისეთი სახისმეტყველება ექნებოდათ, როგორსაც მამუკა მიქელაძის კედლის მხატვრობაში ვუყურებთ. ჩემთვის ისინი მონათესავე, გულში ანგელოზჩასახულ კაცებს წარმოადგენენ, რომლებიც ბავშვის ალალი და გაოცებული თვალებით უმზერენ ცხოვრებას და ადამიანებს.
თითქოს განგებამ ისურვა, რომ მამუკა მიქელაძის ესკიზების მიხედვით უნდა შესრულდეს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ვრცელი ტაძარის (არქიტექტორი თემურ ბერიძე) ინტერიერი, რომლის ფრესკებიც თავიდან ბოლომდე მოზაიკური ქვებით შეიმოსება. ასე მგონია, მამუკა მიქელაძემ თავისი ამ მონუმენტური შრომით აასრულა გენიალური მირზაანელის ამოუთქმელი სურვილი ქართული ტაძრების ფრესკებით შემკობისა! ალბათ, სულ ცოტა ორი წელიწადი მაინც დასჭირდება ბოდბის ტაძრის მოზაიკური ფრესკების გასრულებას. როცა ერი და ბერი იხილავს მამუკა მიქელაძის ამ კოლოსალურ ქმნილებას, მჯერა, მას ქართული ხელოვნების ჭეშმარიტ მონაპოვრად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მიქელაძე ასე დაკავებულია მონუმენტური მხატვრობით, იგი მაინც პოულობს დროს თავისი სტუდენტებისთვის და დაზგური მხატვრობისთვის. ორივე ეს სფერო მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რამდენად მეტყველი და ფიქრით მდიდარია სურათების მისეული მხატვრული გააზრება და სრულქმნა, ამას წინამდებარე ტექსტში ჩართული შექსპირისა და აკა მორჩილაძის პორტრეტებიც მოწმობს. დროსა და სივრცეში ასე ლაღი მოგზაურობა და გულისგულში ჩაწვდომის ნიჭი მამუკა მიქელაძეს თანამედროვეობის ბრწყინვალე პორტრეტისტად წარმოაჩენს.
მრავალჟამიერ მის ამოუწურავ სურვილებსა და უშრეტ შთაგონებას!                                                 

 

                                                                                           გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები