აშშ სომხეთის გენშტაბს მოუწოდებს, პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შეიკავოს

ვაშინგტონი აფრთხილებს სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიონ.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ შეკავება და თავი აარიდოს ყოველგვარ ძალადობრივ და ესკალაციურ ქმედებას. შევახსენებთ ყველა მხარეს დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის მიხედვით ქვეყნის პოლიტიკაში შეიარაღებული ძალები არ უნდა ერეოდნენ”, – თქვა მან.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა.

სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ კი მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევანში მსვლელობა გამართა, თუმცა, საღამოსკენ განაცხადა, რომ აქციას ამთავრებს და ოპოზიციას მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელოდება.

თავის მხრივ, აქცია ოპოზიციამაც გამართა და შემდგომ ბაგრამიანის გამზირზე გადაინაცვლა. პრემიერის წინადადების საპასუხოდ, ოპოზიციაში აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მხოლოდ თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხის განსახილველად დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები