“მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს გვეცოდინება, ვინ იქნება მინისტრი”
“მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის დიდი სამინისტროს ფარგლებში რთულია სამივე დიდი სფეროს ეფექტიანი მართვა.
„მნიშვნელოვანია, რომ კულტურის სფეროს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. დღეს, როცა გვაქვს ერთი დიდი სამინისტრო, რომელიც, ჯამურად, სამ დიდ საკითხს აერთიანებს, ბოლო ორი წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ხელს არ უწყობს ამ სფეროების ეფექტიან მართვას.
იცით, რომ მანამდე ცალკე არსებობდა ეს სამინისტროები და შემდეგ მოხდა გაერთიანება. ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის დიდი სამინისტროს ფარგლებში რთულია სამივე დიდი სფეროს ეფექტიანი მართვა. ჩვენი გრაფიკის მიხედვით, მესამე მოსმენა იქნება 15 მარტის კვირაში, ასე რომ, მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი, ეს პრემიერ- მინისტრის კომპეტენციას შეადგენს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი მეორე მოსმენით განიხილეს.