„ეს კოლაჟი თითქოს ელოდება მომავალი პოპარტისტების ნამუშევრებს“ – რიჩარდ ჰამილტონის დაბადების დღე

1922 წლის 24 თებერვალს ლონდონში ცნობილი ინგლისელი მხატვარი – რიჩარდ ჰამილტონი დაიბადა. ის იყო ერთ-ერთი პირველი არტისტი, რომელმაც პოპარტს ჩაუყარა საფუძველი. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ეხმაურება მისი დაბადების დღეს და მხატვრის ნამუშევარს აქვეყნებს.
„ჰამილტონი ელექტროტექნიკურ კომპანიაში მუშაობდა, როდესაც სენ მარტინის სამხატვრო სკოლაში ხელოვნების სწავლა დაიწყო. 16 წლის ასაკში სამეფო აკადემიაში ჩააბარა, წესების დაუმორჩილებლობის გამო იქიდან გამოაგდეს. მალევე მან შეთავაზება მიიღო თავისი ძველი სკოლიდან, გამხდარიყო მასწავლებელი…
1956 წელს ჰამილტონმა პირველი მნიშვნელოვანი კოლაჟი შექმნა – „რა ხდის თანამედროვე სახლებს ასე მინზიდველს და განსხვავებულს?”. ნამუშევარი ამავე წელს ჩატარებული გამოფენის „This is Tomorrow” კატალოგისთვის შეიქმნა, და დღეს აღიარებულია, როგორც პოპარტის ერთ-ერთი პირველი ნიმუში. ნამუშევარზე სასტუმრო ოთახია გამოსახული, ფრაგმენტის სახით მოჩანს დაკუნთული მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს დიდი ზომის შაქარყინული, წარწერით „პოპ“. ოთახის მეორე მხარეს ვხედავთ ქალს. მის უკან ტელევიზორში გამოსახულია სილამაზის მაშინდელი სტანდარტის კიდევ ერთი ქალი, რომელიც ბედნიერი საუბრობს ტელეფონზე.
კოლაჟში ჰამილტონს გამოყენებული აქვს ამერიკული ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათები. იმ რეალობაში, სადაც ინგლისი ჯერ კიდევ ომის შედეგად შენელებულ ეკონომიკას ებრძოდა, ეს სივრცე, თავისი ფუფუნებით ამერიკული მატერიალიზმის პაროდიაა. ჰამილტონი იცნობდა დადაიზმის ხელოვნების ნიმუშებს, მაგრამ აქ მას არ აქვს ომის საწინააღმდეგო განცხადებები, მისი ნამუშევრის ტონი უფრო მსუბუქია, ის გართობს მატერიალური ფანტაზიებით, რომელიც თანამედროვე რეკლამამ გამოიწვია. ეს კოლაჟი თითქოს ელოდება მომავალი პოპარტისტების ნამუშევრებს.
რიჩარდ ჰამილტონი 2011 წლის 13 სექტემბერს, გაერთიანებულ სამეფოში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები ინახება ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ლონდონის „ტეიტ მოდერნში“, ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმსა და ავტრალიის ეროვნულ გალერეაში“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები