ნანა ხურითი: გვახსოვს, როგორ აღასრულებდა ,,სამართალს“ ,,ნაციონალური მოძრაობა“ მაშინაც, როდესაც ვინმეს მანქანა მოეწონებოდა

ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ,,კვირას“ მსახიობ ნანა ხურითს ესაუბრა.

-ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ლოიალური განწყობით ,,ქართული ოცნებისადმი“ არ გამოვირჩევი. არც ,,მარადიულ მოსამართლეებს“ ვწყალობ ქართულ სასამართლოებში, თუმცა, რაც გუშინ ნიკა მელიას დაკავებისას მოხდა, დამანახა, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ არსებობს. კანონი აღსრულდა და სპეცოპერაციაც ჩატარდა უმაღლეს დონეზე. ყველას კარგად ახსოვს, როგორ აღასრულებდა ,,სამართლიანობას“ ,,ნაციონალური მოძრაობა“ მაშინაც კი, როდესაც ვინმეს მანქანა მოეწონებოდა. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დადის საქართველოში სამაჯურით. ყველამ ერთ დღეს პროტესტის ნიშნად რომ მოიხსნას და გადაყაროს სამაჯურები, რა მოხდება ქვეყანაში? ნებისმიერ პატიმარს აქვს განცდა იმისა, რომ უსამართლოდ დაიჭირეს. ყველას ხომ არ აქვს ოფისი, რომელშც ,,გამაგრდება“ და სამართალს თავს აარიდებს? სად გაგონილა კანონზე მაღლა საკუთარი თავის დაყენება? ორიოდე კვირის წინ 20-ლარიანი ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და რამდენიმე დღეში 200-ლარიანი ჯარიმა მომივიდა, მექანიკურად დამიყადაღდა ყველა ანგარიში. მე, როგორც მოქალაქეს, უსამართლობის განცდა მიჩნდება: რატომ უნდა ეპატიოს მელიას ყველაფერი და რიგითი მოქალაქე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით? არავინ, თვით ეს უზნეო ადამიანებიც კი არ მემეტება ციხისთვის, როგორც ქრისტიან ადამიანს, თუმცა, დღევანდელ ციხეში რომ ნიკა მელიას ისე აღარავინ მოექცევა, როგორც მიშასდროინდელ ციხეში, სადაც პატიმრებზე დუბინკებით ,,ერთობოდნენ“, ყველამ კარგად უნდა იცოდეს. დროა, დაოკდეს ის დამნაშავე, სახურავ-სახურავ მორბენალი კაციც და ამ ქვეყანას თავი დაანებოს, სადაც მას აღარავინ ელის.
გამახსენდა, როგორ შეიწყალა პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორი დამნაშავე შეიწყალა, რათა სიტუაცია განემუხტა. ახლა ვკითხულობ: განიმუხტა? და კიდევ: ინტელიგენციის წევრებისგან გუშინ გავიგე, რომ ნიკა მელიას დაკავებით აღშფოთებული რამდენიმე მათგანი საპროტესტო აქციაზე გასვლას აპირებს იმ მოტივით, რომ დავიღუპეთ, ევროატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავის რიგებში აღრ მიიღებს! თუ ევროსაბჭოსა და ნატო-ს წევრობა დამნაშავე მელიას დაჭერა-არდაჭერაზეა ჩამოკიდებული, არ გვინდა, ბატონო, ასეთი ალიანსის წევრობა. ეს ჩვენი ქვეყანაა და ერთხელ და სამუდამოდ აქ სამართალმა უნდა იზეიმოს. თუ კაპიტოლიუმში შეჭრა დიდი დანაშაულია და რამდენიმე წუთში დააკავეს იქ შეჭრილი პროტერტანტები, ნიკა მელიას დაჭერაა სახელმწიფო დანაშაული? ასეთი ორმაგი სტანდარტებით პოლიტიკა არ უნდა იმართებოდეს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ უნდა გაუჩნდეთ უსამართლობის განცდა.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები