„100 წელი ოკუპაციიდან“ – გამოფენა გაიხსნება

25 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ს) და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით, ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში გაიხსნება გამოფენა – „100 წელი ოკუპაციიდან”, რომლის დათვალიერება ონლაინაც იქნება შესაძლებელი.

„საუკუნის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე -11 არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა რამდენიმე კვირის თავგანწირული ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად, რომელიც 25 თებერვლის შემდეგაც გაგრძელდა. უთანასწორო ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოკუპანტმა რუსეთმა შეთანხმება და საერთაშორისო ვალდებულება დაარღვია;  წითელმა არმიამ ქვეყნის სამწლიანი თავისუფლება დაასრულა და საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რუსეთის ნაწილად იქცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების წევრები იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ; სამშობლოზე ზრუნვა და მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლა საზღვრებს გარეთ გაეგრძელებინათ.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას  ტოტალიტარული რეპრესიები მოჰყვა. დააპატიმრეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს უამრავი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის თავისუფლების იდეისთვის იბრძოდნენ.

ამ ყველაფრის შემდეგ 100 წელი გავიდა, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, თუმცა რუსეთი ისევ ცდილობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების რღვევას; საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი მათ მიერაა ოკუპირებული.

გამოფენის მიზანია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებისა და ეროვნული სულისკვეთების წარმოჩენა, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეისათვის მსხვერპლად შეწირული ადამიანებისათვის პატივის მიგება“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები