შსს – პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.
მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
”იმ პირების მიმართ ვინც პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევს, გამოყენებული იქნება იძულებითი ხასიათის ღონისძიებები”- “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მელია დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამარათალდამცველებია მობილიზებული.
პარტიის ოფისთან შეკრებილებს ძალოვანებმა მიმართეს, რომ “იმ პირების მიმართ ვინც დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევს, მათ მიმართ გამოყენებული იქნება იძულებითი ხასიათის ღონისძიებები. ბატონო ნიკანორ მელია, ჩვენთვის ცნობილია რომ შენობაში იმყოფებით, გთხოვთ, დაემორჩილოთ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და სიტუაციის გართულების თავიდან არიდების მიზნით, ჩაბარდეთ პოლიციას”.