„სამართლებრივი ბალანსი უნდა აღდგეს, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანი პირები უნდა დასახელდნენ“ – ზაალ კასრელიშვილი

“რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანი პირები უნდა დასახელდნენ და გასამართლდნენ, ამით სამართლებრივი ბალანსი აღდგება და პოლიტიკური სიტუაცია განიმუხტება”, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ განუცხადა.

კასრელიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია წლების მანძილზე მაქსიმალურად ცდილობს, შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს, თუ ეს პროცესები რეგიონული მასშტაბის პრობლემებს არ ეხება. მაგრამ ჩვენთვის ამ ფორმის დაპირისპირების გადაუწყვეტელობა დღეს უკვე მიუღებელია. ვგულისხმობთ კონფლიქტს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელახლა აგორდა. ეს არის 20 ივნისის ტრაგედიის, გავრილოვის ჩამოყვანის დღეს დაწყებული დაპირისპირების გაგრძელება. მიგვაჩნია, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენი ხედვით, საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი ბალანსია დარღვეული. ეს ბალანსი უნდა აღდგეს. 20 ივნისს კონფლიქტში ორი მხარე მონაწილეობდა. ესენი იყვნენ გავრილოვის ჩამომყვანები და გარეთ პროტესტანტები. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციის მშვიდობიან ფორმატს გადააჭარბეს, მათი ე.წ. ლიდერი, ნიკა მელია გასამართლებულია და არ აპირებს, ჩაბარდეს. მაგრამ კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარე, რომელიც ამ კონფლიქტის მიზეზი იყო, ანუ გავრილოვის ჩამომყვანები არც გასამართლებულან, არც დაკითხულან. საზოგადოებამ შეიძლება, არც იცის, კონკრეტულად ვინ არიან ისინი. ნიკანორ მელია, როგორც შედეგი, გასამართლებულია, მაგრამ გასასამართლებელია მიზეზი. ჩვენი მოსაზრებაა ასეთი, რომ გავრილოვის ჩამომყვანი პირები უნდა დასახელდნენ და იმავე დარბაზში გასამართლდნენ, რომელ დარბაზშიც გასამართლდა მელია. ამით სამართლებრივი ბალანსი აღდგება და სიტუაცია განიმუხტება. თუ სიტუაცია ავტომატურად არ განიმუხტება, მაშინ სახელმწიფოს ყველა უფლება ექნება, ყველა დონეზე, ყველა ინსტანციაში ნებისმიერი მეთოდებით სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები