სომხეთში გიუმრის რუსული ბაზის გაფართოება სურთ

“სომხეთი გიუმრიში მდებარე, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გაფართოებით არის დაინტერესებული”, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვაგარშაკ არუთუნიანმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე, რუსეთის სამხედრო ბაზის გაძლიერებისა და გაფართოების საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იდგა და სომხური მხარე ამაში ყოველთვის იყო დაინტერესებული თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაზა სომხეთისა და რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ჯგუფის შემადგენლობაში შედის. შესაბამისად, შესაძლებლობების გაფართოება ავტომატურად იწვევს ერთობლივი დაჯგუფების პოტენციალის ზრდას, რომელიც კავკასიის რეგიონში ორმხრივ საფუძველზე მოქმედებს”, – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, “რასაკვირველია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნება გათვალისწინებული რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური რეალობა და ბაზის გადაიარაღების კუთხით სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ხანგრძლივი ხასიათის იქნება”.

გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა 1995 წლის შეთანხმების საფუძველზეა დისლოცირებული. 2010 წელს დოკუმენტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, თავდაპირველი 25 წლიდან მისი ყოფნის ვადა 49 წლით გახანგრძლივდა – 2044 წლამდე.

სამხედრო ბაზას ორი გარნიზონი აქვს გიუმრისა და ერევანში. სამხედრო ბაზასთან ახლოს საცხოვრებელი კვარტალია, სადაც სამხედროების ოჯახები ცხოვრობენ, დაახლოებით, 4 ათასი ადამიანი. ბაზის საავიაციო კომპონენტი “ერებუნის” აეროდრომზეა განთავსებული.

ბაზა აღჭურვილია სარაკეტო კომპლექსებით С-300В; გამანადგურებლებით მიგ-29, თვითმფრინავებით მი-24П და მი-8МТ. პირადი შემადგენლობა, დაახლოებით, 4 ათასი ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები