ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილი განცხადებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
„მოსამართლემ მიუთითა, რომ ეს განჩინება, სარეზოლუციო ნაწილში, ცალკე არ საჩივრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არაკონსტიტუციურია და ამიტომ, გუშინ საჩივარი წარვადგინეთ სააპელაციო სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს გამოძიების ეტაპზეა თუ არსებითი განხილვისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია ორინსტანციურობა. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საკითხი, მინიმუმ, ორმა ინსტანციამ უნდა განიხილოს. მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას და თუკი ის ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას არ იძლევა, მაშინ, გამოიყენოს კონსტიტუცია – როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი“ – აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაეყრდნოს კონსტიტუციას და უნდა იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, უკვე წარდგენილი აქვთ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში, წარდგინებით მიმართოს თავად სააპელაციო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი.
17 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.