ივანე მაჭავარიანი – გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ – დანაკლისი ნამდვილად არის

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მმართველი გუნდისთვის, გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის წასვლა დანაკლისია. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტში მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ. იცით, ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე, შესაბამისად, დანაკლისი ნამდვილად არის. გიორგი გახარიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომელიც ჩემი აზრით, არ საჭიროებს კომენტარებს. მას არ უხსენებია სიტყვა „დაპირისპირება” არც შიდა, არც გარე. მან თქვა, რომ გუნდში ვერ მიაღწია კონსენსუსს. ხელისუფლებაში, ისევე როგორც გიორგი გახარიას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაია ცქიტიშვილის როლი, თუმცა, ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ პიროვნებები კი ბატონო, მნიშვნელოვნები არიან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კურსი და რეფორმები, შეიცვლება თუ არა პრემიერი, შეიცვლება თუ არა ფინანსთა მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი, უნდა გაგრძელდეს.

ადრე თუ გვიან, ყველა იცვლება. მთავარია, რომ კურსიდან გადახვევა არ მოხდეს და რაში მდგომარეობს ამ კურსის არსი. გეოპოლიტიკურად – ეს არის დასავლეთისაკენ მიმართული კურსი, ეკონომიკის კუთხით – ეს არის თავისუფალი და ლიბერალური ეკონომიკა. რაც შეეხება ეროვნულ საკითხებს – ეს არის შერიგებისა და მშვიდობის პოლიტიკა და ბოლოს, ეს არის მაქსიმალურად ეფექტური მმართველობითი სისტემა – დაბალი ხარჯის მატარებელი ეფექტური ბიუროკრატია. ეს არის მთავარი პრინციპი. მთავარია, ეს პრინციპი არ შეიცვალოს,” – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები