აშშ-ის საელჩო: აშშ კვლავ მზადაა ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას საქართველოში

ვაფასებთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ კვლავ მზადაა საქართველოში ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, მშვიდობის, სტაბილურობის და დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერის მიზნით.

“შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას,”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები