„ქართველი ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი ადამიანების რევანშს არ დაუშვებს“ – ნიკოლოზ მეტრეველი

“ის ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშია შეკრებილი, ვერასდროს, ვერცერთი კონფიგურაციით ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მეტრეველმა ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები შეაფასა. ანალიტიკოსი პრემიერის გადადგომასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა.

საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა პროცესები, ალბათ, რთული იყო რამდენიმე დღის წინ ამის პროგნოზირება. რამდენიმე საათიც არ არის გასული, რაც გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ, დროსა და სივრცეში უფრო მეტი მსჯელობის საშუალება გვექნება და უფრო დეტალურად შეგვიძლია, შევაფასოთ მისი გადაწყვეტილება რამდენად სწორი ან არასწორი იყო. ახლა მთავარია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრი დროულად წარადგინოს, მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტოს და ქვეყნის მართვა გააგრძელოს. ახლა ეს არის მთავარი გამოწვევა. ზოგადად, მე პატივს ვცემ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, თუმცა, ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში სხვა უამრავი გამოწვევაა, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით, მისი გადაწყვეტილება შესაძლოა, ნაჩქარევი იყო. თუმცა, როგორც მე აღვნიშნე, ძალიან ცოტა დროა გასული და შესაძლოა, ამ თემაზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ კიდევაც.

დღეს ოპოზიცია არ არსებობს. არის ერთი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს სატელიტები, პრორუსული ძალები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან. ისინი დღეს ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან შეკრებილები. ნინო ბურჯანაძე, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ რომელი ერთი –  ეს ხალხი არის პირდაპირ ის დესტრუქციული ძალა, რომლის მთავარი მოკავშირე სწორედ რუსეთია. როგორც  უნდა განვითარდეს მოვლენები მმართველ გუნდში, მინდა, საზოგადოება დავარწმუნო ერთ მკაფიო მოცემულობაში: ეს ხალხი, ვინც იქაა შეკრებილი, ვერასდროს, ვერცერთი კონფიგურაციით ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ცუდი წარსულია. ისინი საკუთარ მოქალაქეებზე ვეღარ იძალადებენ.

რაც შეეხება უშუალოდ მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს: ეს ადამიანი უგულებელყოფს კანონს, არ ემორჩილება კანონის მოთხოვნებს და მის მიმართ შესაბამისი სანქციები უნდა იყოს დაწესებული. დესტრუქციული ძალები ცდილობენ, ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენონ, თუმცა, არცერთ კონფიგურაციაში, ხაზგასმით ვაბობ, ქართველი ხალხი იქ შეკრებილი ადამიანების რევანშს არ დაუშვებს“, – განაცხადა მეტრეველმა.

ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რესურსს ვეღარ ხედავს. ნიკოლოზ მეტრეველმა არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეაფასა.

მსჯელობა არჩევნებში არსებულ ხარვეზებზე მისასალმებელია. პოლიტიკურ ძალებს შორის ნებისმიერი კონსტრუქციული დიალოგი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მხოლოდ წაადგება.
რაც შეეხება მოლაპარაკბებს: ამ ეტაპზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების არავითარი რესური არ არსებობს. ეს სამწუხარო რელობაა და უახლოეს რამდენიმე დღეში ამ კუთხით არავითარ ცვლილებებს არ ველოდები. მმართველ გუნდს აქვს ხმათა საკმარისი რაოდენობა, რომ დააკომპლექტოს  მინისტრთა ახალი კაბინეტი და ახალი პრემიერმინისტრი დაასახელოს. ეს უახლოესი გამოწვევაა“, – განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე მან განაცხადა, მისი გადაწყვეტილება პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც ქართულ კანონმდებლობას დიდად არასდროს სცემდა პატივს. იგი არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტური ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია.
მაშინ, როდესაც ყველა ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ  გამოწვევებს და, რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ შეიქმნება ესკალაციის არანაირის საბაბი. ამიტომ, იქედან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან.
მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები