თინათინ ერქვანია: რიგგარეშე არჩევნები პრობლემა იქნება როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე – ოპოზიციისთვის

პრემიერმინისტრ გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით რა საკანონმდებლო რეგულაციებია მოსალოდნელი საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატურის დასამტკიცებლად, – ,,კვირა“ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ თინათინ ერქვანიას დაუკავშირდა.

– საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა ვადებში უნდა აირჩიოს საპარლამენტო ხელისუფლებამ ახალი პრემიერმინისტრი?

– პრემიერმინისტრის გადადგომის შემთხვევაში, არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვებულ პარტიას, ,,ქართულ ოცნებას“ 2-კვირიანი ვადა აქვს ახალი პრემიერმინისტრის წარსადგენად. თუ ამ ვადაში პარტია პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ვერ შეჯერდა, მას დამატებით ეძლევა კიდევ 2-კვირიანი ვადა. ახალი პრემიერმინისტრის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, რომელსაც ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში მოაგროვებს. იმ შემთხვევაში, თუ 4 კვირის განმავლობაში პარლამენტში ვერ მოხერხდა პრემიერმინისტრის დამტკიცება, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

-ასე ნაჩქარევად ჩატარებული რიგგარეშე არჩევნები, ძველი ადმინისტრაციითა და პერსონალიებით, რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება ქუჩაში დარჩენილი ქართული ოპოზიციისთვის?

-4-კვირიან ვადაში ნებისმიერ სერიოზულ საარჩევნო რეფორმაზე საუბარი ზედმეტია. ამ დროის მანძილზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რგოლის შეცვლა. მიმაჩნია, რომ ასეთ ფორსმაჟორში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პრობლემა იქნება როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე – ოპოზიციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები