რომან გოცირიძე: ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს, მთელი პოლიტიკური კლასი აქ იქნება, მთელი მსოფლიო დაინახავს, რის გამო აპატიმრებენ ნიკა მელიას

“მთელი მსოფლიო დაინახავს, რის გამო აპატიმრებს ივანიშვილი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მათ მიიღეს „ქართული ოცნების“ „პოლიტიკური“ ნათლობა. ეს ხალხი მოინათლა. მათ გააფორმეს სულიერი ერთობა და ამ სულიერი ერთობის ფუნდამენტი არის ივანიშვილისადმი მორჩილება. ხომ შეიძლება  51 დეპუტატს მიეცა ხმა ან 87-ს და ერთი მაინც ყოფილიყო განსხვავებული აზრის, მაგრამ მათ თქვეს – ჩვენ ვართ იმ ტრადიციის გამგრძელებელნი, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა. ინტერესი რა არის? – ან ფული ან სხვა სახის ინტერესი, რომელიც პარლამენტს ამ ვერტიკალური მართვის სტრუქტურაში აქცევს“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესებს უმძიმესი რეაქცია მოჰყვება, გამოსავალი კი რიგგარეშე არჩევნები იქნება.
„უმძიმესი რეაქცია მოყვება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ქვეყნის გარეთ. ეს იქნება ხიდების საბოლოოდ გადაწყვა. არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ერთადერთი გამოსავლი იქნება სასწრაფოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. არ აქვს მნიშვნელობა, დააკავებენ თუ არა მელიას, ივანიშვილმა გვაჩვენა, ვინ არის ამ ხელისუფლების ბატონ-პატრონი, ეს გვაჩვენა პარლამენტის მორიგი დამცირებით. დავინახეთ რეალური სურათი.
მთელი მსოფლიო დაინახავს, რის გამო აპატიმრებს ივანიშვილი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს.
ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს. მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება. ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები