პროკურორი მიზეზებს ასახელებს, რის გამოც “საჭიროა, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიება”
“ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო, რომ მართლმსაჯულების პროცესი, რომელიც მის მიმართ ხორციელდება, წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იყო გირაო. ის ფაქტი, რომ დღეს ამგვარი წინადადება არის წარმოდგენილი და პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, არის შედეგი ნიკანორ მელიას ქმედებისა, რომელსაც უბრალოდ არ სურს გირაოს თანხის გადახდა”, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, სახეზეა ოთხი მიზეზი, რის გამოც საჭიროა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიება.
„საპარლამენტო იმუნიტეტი თანამდებობრივი მდგომარეობა არავისთვის არ არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების საკითხი, მაშინვე იქნა იდენტიფიცირებული ოთხი საფრთხე, ეს იყო: მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშუალის ჩადენის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენებაზე არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე, სააპელაციომ დაადასტურა საკუთარი განჩინებით, რომ 4-ვე საფრთხე იყო სახეზე. 2020 წლის 3 ნოემბერს, როცა ბრალდების შუამდგომლობის განხილვა მოხდა, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პერფორმანსის პირობებში მოიძრო სამაჯური და გადააგდო, აქაც სასამართლომ დაადგინა ამ საფრთხეების არსებობა, ამიტომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული მიზნების არსებობა მოცემულ საქმეში ეჭვს არ იწვევს.
ნამდვილად უპრეცედენტოა ამ საქმის სამართლებრივი მდგენელის ნაწილი, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარე გამოთქვამს პრეტენზიას, რატომ არ დააპატიმრა ბრალდებული ნიკა მელია პროკურატურამ, არ მგონია, პრაქტიკაში გქონოდათ შემთხვევა, როცა ამგვარ პოზიციას მოისმენდით ადვოკატისგან”, – განაცხადა გულუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.