“ომი ასე ცუდად არ დამთავრდებოდა, მედია რომ არ გაგეჩუმებინათ” – სომხეთის ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი
სომხეთის ოპოზიციური მოძრაობის პრემიერმინისტრობის ერთიანი კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი აცხადებს, რომ არწახში ომი ასე ცუდად არ დამთავრდებოდა, მედია რომ არ გაეჩუმებინათ.
“ნებისმიერ მომენტში, როდესაც მედიას სიტყვის თავისუფლებას ართმევენ, იცოდეთ, რომ ქვეყანას რაღაც საფრთხე ემუქრება”, – თქვა მან.
მანუკიანის თქმით, 2020 წელს არწახში ომის დროს სომხეთის მოსახლეობას პირველად წაართვეს სიტყვის თავისუფლება.
“1992 წლის ომის დროს ვიცოდით, რომელი სოფელი დავტოვეთ, სად ვიხევთ უკან, როდის მივიწევთ წინ. გასაკვირია, რომ 1992 წელს, ომის ყველაზე ცხელი ფაზის დროს აქ, თავისუფლების მოედანზე აქციები იმართებოდა, სადაც ხელისუფლებას სთავაზობდნენ, მოიქცნენ ასე თუ ისე”, – თქვა პოლიტიკოსმა.
მისივე თქმით, დამარცხებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ სწორ მომენტში ომის დასრულება ან მისი მიმდინარეობის შეცვლა შესაძლოა, საზოგადოებრივ აზრზე ყოფილიყო დამოკიდებული.
“სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ქვეყნისთვის დამანგრეველია. არ ვსაუბრობ ფეიკებსა და ყალბ ინფორმაციაზე. მაგრამ სიმართლე ხალხამდე უნდა აღწევდეს”, – განმარტა ვაზგენ მანუკიანმა.