“პერსპექტივა ძალიან არარეალურია” – რას ფიქრობენ სომხეთში რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით აფხაზების წინადადებაზე
სომხეთის სატრანსპორტო ექსპედიტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ეგიშე ოვანისიანი ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნის საკითხის მიღმა მძლავრი პოლიტიკური კონტექსტი იმალება.
როგორც მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, სომხეთი აღნიშნული გზით საბჭოთა კავშირის დროს სარგებლობდა, თუმცა, მისი გავლით მხოლოდ ტვირთის 15%-ს ატარებდა, ძირითადად, ეს გზა სამგზავრო გადაზიდვებისთვის გამოიყენებოდა.
ამასთან, მისი თქმით, იქ მძიმე ლანდშაფტური პირობებიცაა და სარკინიგზო შემადგენლობებზე წონის შეზღუდვები მოქმედებს. ექსპერტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სომხეთიდან, მაგალითად, 25 ვაგონისგან შემდგარი ეშელონი გავა, აფხაზეთის მონაკვეთზე მისი დაშლა გახდება საჭირო და წონის მიხედვით გატარება.
ასევე, მისი თქმით, აღნიშნული გზის მონაკვეთის აღდგენას 270 მილიონი დოლარი დასჭირდება, ამიტომ, გაურკვეველია, რა თანხებით ან ვინ დაიწყებს სარემონტო სამუშაოებს.
კიდევ ერთმა ექსპერტმა საქართველოს საკითხებში, ჯონი მელიქიანმა თქვა, რომ აფხაზების ბოლოდროინდელი წინადადება, კერძოდ, რუსეთის დუმისადმი მიმართვა გზის თანაბარუფლებიან საფუძველზე აღდგენის მზაობასთან დაკავშირებით უნდა განიხილებოდეს რეგიონულ და შიდააფხაზურ კონტექსტში.
მისი თქმით, ერთი მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ე.წ.მთავრობაა და მის მიერ გაკეთებული განცხადებები ახალ “საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით”. მეორე მხრივ, ეს ითქვა ყარაბაღის თემის კვალდაკვალ, რომ უნდა მოხდეს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა.
“პერსპექტივა ძალიან არარეალურია, რადგან ამ ყველაფერს ემატება რთული შიდაპოლიტიკური პროცესები თავად საქართველოში, სადაც არსებობენ ძალები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აფხაზეთის დებლოკადაზე უარს იტყვიან და ქვეყნის ხელისუფლებას ამ წინადადებაზე, სავარაუდო დადებითი პასუხის შემთხვევაში, მკაცრად გააკრიტიკებენ”, – თქვა მან.
მისივე თქმით, საკითხს ასევე ისიც ართულებს, რომ აფხაზეთი ითხოვს მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისი, როგორც მომლაპარაკებლის აღიარებას.
რაც შეეხება ეკონომიკურ კომპონენტს, ექსპერტი ამბობს, რომ რეკონსტრუქციაზე, აღდგენასა და 190 კილომეტრის აშენებაზე სერიოზული ინვესტიცია სჭირდება.
“ვინ ჩადებს და როდის ამოიღებს ამ თანხას? არსებობს სკეპტიკური მოლოდინი იმის, რომ აღდგენის შემთხვევაში ეს რკინიგზა, ისევე როგორც ბაქო-თბილისი-ყარსი, დღესდღეობით მაქსიმალურ დატვირთვას ვერ უზრუნველყოფს და მინიმუმზე იმუშავებს”, – განმარტა მელიქიანმა.
მისი თქმით, სომხეთისთვის ყველაზე მომგებიანია “ზემო ლარსის” ალტერნატივის სახით გადაზიდვების აღდგენა ტრანსკავკასიური მაგისტრალიდან, რომელიც აღდგენილია.
ოსეთის გავლით მარშრუტი ასევე მომგებიანია კლიმატური პირობებისა და რელიეფის გამო.