“ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია, თუ როგორ ებრძვიან კონკრეტული ძალები, ჩვენივე თანამემამულეები ჩვენი ქვეყნისა და ერის იდენტობის სამ მთავარ საყრდენს, ზუსტად ისევე, როგორც გასული საუკუნის დასაწყისში ქართველი ბოლშევიკები, პროგრესულობის ყალბი სარჩულით, ებრძოდნენ მამულს, ენასა და სარწმუნოებას”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, თანამედროვეობის ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებმაც გაასხვისეს ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული კუთხე, ასხვისებდნენ დავით გარეჯს და დღეს ამ ყველაფრის თანამონაწილეობაში ბრალდებულებს გმირებადაც კი რაცხავენ.
„ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო ლაკონიურად, სამი სიტყვით გამოხატა: მამული, ენა, სარწმუნოება.
ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია, თუ როგორ ებრძვიან კონკრეტული ძალები, ჩვენივე თანამემამულეები ჩვენი ქვეყნისა და ერის იდენტობის ამ სამ მთავარ საყრდენს, ზუსტად ისევე, როგორც გასული საუკუნის დასაწყისში ქართველი ბოლშევიკები, პროგრესულობის ყალბი სარჩულით, ებრძოდნენ მამულს, ენასა და სარწმუნოებას.
თანამედროვეობის ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებმაც გაასხვისეს ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული კუთხე, ასხვისებდნენ დავით გარეჯს და დღეს ამ ყველაფრის თანამონაწილეობაში ბრალდებულებს გმირებადაც კი რაცხავენ. თანამედროვე ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ ქართულ ენას და ამკვიდრებენ ბილწსიტყვაობას, როგორც ამ შეურაცხყოფის ყველაზე მძიმე ფორმას. თანამედროვე ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკადრებელი შინაარსითა და ფორმით მტრობენ და შეურაცხყოფენ დედა ეკლესიასა და მის წინამძღოლს.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ ბოლშევიკები საუკუნის წინ ამ ყველაფერს, ძირითადად, თოფითა და უროთი აკეთებდნენ, მამულის, ენისა და სარწმუნოების წინააღმდეგ თანამედროვე ბოლშევიკების მთავარი იარაღი სიტყვაა – შეურაცხყოფითა და სიცრუით გაჯერებული სიტყვა.
მძიმედ შემაშფოთებელი გუშინდელი ცნობილი ეთერი სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება იყო. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასა და მის კუთვნილ მედიასაშუალებას, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრობის საქმეში ასეთი მძიმე ფორმით არის ჩართული, ქართველი ხალხი საკადრისად შეაფასებს.
ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში გაუძლეს უამრავ შიდა თუ გარე მტერს, მათ შორის ცარიზმსა და ბოლშევიზმს და ცხადია, რომ თანამედროვე ხელმოცარული ნეობოლშევიკები მათ ვერაფერს დააკლებენ. სახელმწიფოსა და ეკლესიის ძლიერების სადარაჯოზე იდგება ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, როგორც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის გარანტი“, – წერს ირაკლი კობახიძე.