ივერი მელაშვილი: პროკურატურა ცდილობს, ჩემ მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს
“პროკურატურა ცდილობს, ჩემ მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავის პასუხი აქვს”, – ამის შესახებ ე.წ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მელაშვილის თქმით, მისი განცხადებები ძალიან ცუდად ამოჭრეს.
„არა, ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისტორიულად, კულტურულად ეთნოგრაფიულად, ყველანაირად. მაგაზე არ არის საუბარი. მე საუბარი მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხმამაღალი განცხადებები, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არამარტო. ამაზე მქონდა ყურადღება გამახვილებული. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმულ, თითქოს სხვანაირად მიმაჩნია. არა, ბატონო, მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით“, – განაცხადა მელაშვილმა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 ათას-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დავით გარეჯის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 16 თებერვალს გაიმართება.