აშშ-ის სენატორები მოუწოდებენ ბაიდენს, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ანკარაზე ზეწოლა გააძლიეროს

​აშშ-ის კონგრესის სენატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ანკარაზე ადამიანების უფლებების დარღვევის გამო ზეწოლა განახორციელოს.

100 სენატორიდან 54-მა მოაწერა ხელი წერილს, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანი დადანაშაულებულია ქვეყნის ოპოზიციის მარგინალიზაციაში, მედიაში კრიტიკული მასალების დაბლოკვაში, ჟურნალისტების დაპატიმრებასა და დამოუკიდებელი მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან ჩამოშორებაში.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

“მოგიწოდებთ, რომ ზეწოლა მოახდინოთ პრეზიდენტ ერდოღანსა და მის ადმინისტრაციაზე, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ქვეყანაში განსხვავებული აზრის დევნა, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები და მთლიანად შეცვალონ ავტორიტარული კურსი”, – ნათქვამია წერილში.

როგორც Reuters- ი აღნიშნავს,  ცოტა ხნის წინ ანკარაში განაცხადეს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურთ მას შემდეგ,  რაც გასულ წელს, ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს რუსული ჰაერსაწინააღდემგო სისტემების ყიდვის გამო სანქციები დაადო.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი ანკარას მიმართ გაცილებით მკაცრი იქნება, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

2016 წელს, თურქეთში არშემდგარი გადატრიალების შემდეგ, ერდოღანის მთავრობამ თითქმის 30 ათასი ადამიანი დააკავა, ასევე, სამსახურიდან 15 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლა. გარდა ამისა, ასობით მედიასაშუალება დაიხურა, ათობით ოპოზიციონერი დეპუტატი კი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები