გიორგი ხვედელიანი: სააკაშვილს აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის ელჩი მის წინააღმდეგ მუშაობდა, გადიოდა იმ ფარგლებიდან, რა ფარგლებშიც უნდა რჩებოდეს დიპლომატი
“სააკაშვილს აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის ელჩი მის წინააღმდეგ მუშაობდა, გადიოდა იმ ფარგლებიდან, რა ფარგლებშიც უნდა რჩებოდეს დიპლომატი”, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ხვედელიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინის ელჩის შესახებ.
მისი თქმით, სააკაშვილის კომენტარი შესაძლოა, იყო არაკორექტული, მაგრამ ეს არის ასევე პასუხი არაკორექტულ ქმედებებზე ელჩის მხრიდან.
,,ეს არის მიხეილ სააკაშვილის პირადი აზრი. მგონი, ეს ეფუძნება კონკრეტულად მასზე პიროვნულ თავდასხმასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას ამ კონკრეტული ელჩის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა ელჩის შესახებ, რომელსაც ბრალს უყენებს მის წინააღმდეგ მუშაობაში, ანუ სააკაშვილს აქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი მის წინააღმდეგ მუშაობდა, გადიოდა იმ ფარგლებიდან, რა ფარგლებშიც უნდა რჩებოდეს დიპლომატი და აქედან გამომდინარე, მან გააკეთა თავისი კომენტარი, შესაძლოა, არაკორექტული, მაგრამ ეს არის ასევე პასუხი არაკორექტულ ქმედებებზე ელჩის მხრიდან“, – განაცხადა ხვედელიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს ,,კორუმპირებულს,, უწოდებს და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.
საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა დღეს კომეტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.
„კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.