საფრანგეთის საელჩომ ათეა-ს ორი ქვეყნის ქალაქებს შორის დაძმობილების ინიციატივით მიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (NALAG) საქართველოში საფრანგეთის საელჩომ ორი ქვეყნის ქალაქებს შორის დაძმობილების ინიციატივით მიმართა.

როგორც ,,კვირას” ათეა-დან აცნობეს, ათეა, როგორც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტის გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც იცავს წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, ყველა მუნიციპალიტეტს – საფრანგეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის, იურიდიული და სოციალური ხელშეკრულების ფორმით ურთიერთობების ჩამოყალიბებას სთავაზობს.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ნათია ღვინაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავების ხელშეწყობასა და თანამშრომლობას ემსახურება.
„ასეთი თანამშრომლობა საქმიანობის სხვადასხვა, მათ შორის, ტურიზმის, მრეწველობის, კულტურისა თუ სხვა მიმართულებებით პარტნიორობის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა და იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მუნიციპალიტეტები აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდებიან“, – განაცხადა მან.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არაერთი წელია, წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ათეა ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და კვალიფიციური მომსახურების მიწოდებას წევრი მუნიციპალიტეტებისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები