რიკოთის გვირაბში 9-11 თებერვალს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

რიკოთის გვირაბში 9, 10 და 11 თებერვალს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ორგანიზაცია “ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ – საქართველოს ფილიალს, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად, ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის შემოწმება, რათა მოხდეს ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება.

უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ორ ადგილას (აღმოსავლეთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ბუქსირების საჭიროებისათვის) მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები