ანა ჯაბაური: ცოტნეს აღარ აქვს ტრახეოსტომა, სუნთქვის თვალსაზრისით დახმარება და გადაუდებელი დახმარება არ სჭირდება

“ცოტნე ძალიან დამოკიდებული გახდა ჩემზე. ბოლო 3 წელი ერთად ვცხოვრობთ. ერთი დღე არსად წასულა იმ ორი წლის მანძილზე. სულ ერთად ვიყავით. ერთი პერიოდი კოვიდ პანდემიის გამო სასტუმროში მომიწია ცხოვრება. ღამე მივდიოდი სასტუმროში და მთელი დღე ცოტნესთან ვიყავი. დილას პირველივე ავტობუსს მივყვებოდი. ყოველ ჩემ წასვლაზე ძალიან ნერვიულობდა. ძილი ფაქტობრივად არ გვაქვს. ღამის საათებში სამჯერ შემოდიან პროცედურებზე. ფაქტობრივად ღამე ვერ დაიძინებ, მაგრამ მე ცოტნეს მაინც ვერ დავტოვებ. მე ასე ვფიქრობ, რომ მას უფრო უჭირს”, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხდა.

მისივე თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას მალე აპირებს.

„ძალიან მიხარია, რომ მალე დავბრუნდებით თბილისში. ბატონმა ზაზამაც (ქაცარავამ) გვითხრა და წინა კლინიკაშიც გვითხრეს, რომ არ შეიძლება, პაციენტი წლობით იწვეს საავადმყოფოში. პაციენტისთვის აუცილებელია ოჯახური გარემო. ცოტნეს აღარ აქვს ტრახეოსტომა, სუნთქვის თვალსაზრისით დახმარება და გადაუდებელი დახმარება არ სჭირდება. ცოტნეს თბილისში ეყოლება სადღეღამისო ექთანი და სახლში ივლის ყველა სპეციალისტი, ვინც ცოტნეს სჭირდება. ჩემთვისაც ვინმეს რომ ეთქვა, ასეთი რამე გადასატანი მექნებოდა, ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ამას მე გავუძლებდი. მე და ცოტნე ვაძლიერებთ ერთმანეთს. ცოტნე ჩემი ხათრით ძალიან ბევრს აკეთებს. ეს ენერგიას მაძლევს მე და ჩემი ენერგია მასზე გადადის. ცოტნე ძალიან ყურადღებით მისმენს. მან იცის, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ისწავლოს“, – ამბობს ჯაბაური.

მისივე თქმით, წყვილი უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას გრძნობს ქართველი ემიგრანტებისგან, რომლებიც მათ სანახავად თურქეთშიც, ჰაიდელბერგშიც და შმიდერის კლინიკაშიც მიდიოდნენ.

„სიყვარული და ეს მხარდაჭერა გვაძლიერებს. მე არასდროს ვკარგავ იმედს. ასევე არიან ცოტნეს ძმები, ჩემი შვილი, გიორგის მეუღლე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ძალიან მამხნევებენ. მათ გარეშე არ ვიცი, თუ რას მოვიმოქმედებდი და შევძლებდი. არც ერთი არ ვკარგავთ იმედს. ყველას გვჯერა, რომ ცოტნე გაიმარჯვებს და სასწაულიც რომ იყოს მოსახდენი, ეს სასწაული მოხდება“, – განაცხადა ჯაბაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები