საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო “მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს. კერძოდ, საუბარია სიუჟეტზე, რომელიც 2020 წელს საჯარო რეესტრის მიერ   პიკაპის ტიპის 11 ავტომობილის შეძენას ეხება.

საქართველოში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება  „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“, რომლის ფარგლებში ქვეყნის 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია. პარალელურად,  ამავე პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრი სისტემური წესით არეგისტრირებს საირიგაციო არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებს.    მიწის ნაკვეთები სისტემური წესით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება.

მიწის დარეგისტრირებისთვის საჭირო ყველა სარეგისტრაციო პროცედურა მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე უფასოდ მიეწოდება. მათ შორის, საფასურის გარეშე ხორციელდება ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოები.   საჯარო რეესტრის სპეციალური  ჯგუფები  სხვადასხვა რელიეფის გეოგრაფიულ ლოკაციებზე ეტაპობრივად ახორციელებენ საველე საკადასტრო სამუშაოებს.

სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკთან წინასწარ შეთანხმდა სატენდერო დოკუმენტაცია და შესასყიდი საქონლის მიზნობრიობა/რაოდენობა, 2020 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი 11 პიკაპის  სახელმწიფო შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა – შპს „ჯი-თი მოტორსმა“ და შპს „კავკასუს მოტორსმა“. სატენდერო კომისიამ განიხილა პრეტენდენტების მიერ  წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები და გამარჯვებულად გამოვლინდა  ყველაზე დაბალი ფასის მქონე ორგანიზაცია – შპს „კავკასუს მოტორსი“.

უწყებისთვის გაუგებარია, რატომ გაავრცელა ტელეკომპანიამ  ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა შესყიდვა პირდაპირი წესით განხორციელდა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტენდერის შესახებ მონაცემები საჯაროა  მისი გამოცხადების დღიდან და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაამოწმოს  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=377826&lang=ge .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები