ხვალიდან რუსთავს ახალი ავტობუსები მოემსახურება (ვიდეო)

ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. ევრო 5-ის სტანდარტის, გარემოსთვის უსაფრთხო ახალი მუნიციპალური ავტობუსებით, რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს. 22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნისთანავე, 8 თებერვლიდან მოემსახურება.
რუსთავში განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

პრეზენტაციას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოსვლა რადგან ქალაქის მთავარი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა.

„ხვალიდან ჩვენი ქალაქის ქუჩებში გამოჩნდება ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსები. ჯამში მოხდა 40 ერთეულის შესყიდვა. ხვალიდან უკვე 22 ავტობუსი იმოძრავებს ქალაქში. ტარიფს რაც შეეხება, 60 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს შეღავათიანი ტარიფით. ესენი იქნებიან მასწავლებლები, მოსწავლეები, ვეტერანები, შშმ პირები და მათ ექნებათ სხვადასხვა ტარიფი რომელიც საკრებულოს მიერ არის დადგენილი. ვფიქრობ, სწორედ რუსთავისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი იყო განახლებული ტრანსპორტის შემოსვლა. გარემოს დაცვის კუთხით რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომ ის ამორტიზებული ძველი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაგვენაცვლებინა ახალი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით“,- განაცხადა ლაცაბიძემ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა თუ როგორ მოხდებოდა ტრანსპორტში მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვალია დავიცვათ ყველა რეგულაცია.

„ვფიქრობთ, რომ ის რეგულაციები, რომელიც არის მოწოდებული და ვემორჩილებით არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, აუცილებელია დავიცვათ. სწორედ გუშინ გვქონდა შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომლის ხვალ გაიხსნება, იყოს სრული რეგულაციების დაცვით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის რეგულაციები რაც გვაქვს მოწოდებული ყველამ თანაბრად უნდა დავიცვათ“, – თქვა ნინო ლაცაბიძემ.

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავს 22 ერთეული ევრო- 5 სტანდარტის ახალი ავტობუსი უკვე გადასცა, პროგრამით გათვალისწინებულ კიდევ 18 სატრანსპორტო საშუალებას, კი რუსთავი უახლოეს მომავალში მიიღებს. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას გულისხმობდა. ურბანული ტრანსპორტის განვითარებისათვის საქართველოს ექვსი ქალაქი- რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი იყო შერჩეული. 175 სატრანსპორტო საშუალებიდან, რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამით 40 ავტობუსი იქნა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები