მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“ და „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
უწყების ცნობით, ბათუმის პორტში შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელშიც განთავსებული იყო საქართველოს მოქალაქის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნულ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა და ავტომანქანა შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიგზავნა.
„მებაჟე ოფიცრების მიერ აღნიშნული ტვირთის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, 4 203,5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4 203,5 ლარის ოდენობით შეეფარდა.
სამართალდარღვევის მეორე ფაქტი, რომელიც „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამოვლინდა გადასახადისგან გათავისუფლების უფლების (ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან) არასწორად სარგებლობის ფაქტს შეეხებოდა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ტვირთის დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა, რომ გადასახადის გადამხდელმა სავალდებულო საბაჟო გადასახადი 11 755 ლარის ოდენობით შეამცირა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.