კახა კუჭავა ჩეხეთის ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა – “განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც პანდემიის გამო არ უნდა შეფერხდეს”

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა იყო.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და განხილული იქნა საქართველოში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტები.

„ბატონ ელჩთან ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც პანდემიის გამო არ უნდა შეფერხდეს, არამედ, პირიქით, უნდა გააქტიურდეს. მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში გვექნება შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში წინასწარ განსაზღვრული შედეგების მიღწევას.

ელჩთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, საქართველოს მიერ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება კიდევ ერთი დამხმარე ფაქტორი ჩვენი ქვეყნის ოფიციალური წევრობისთვის ევროკავშირში.

დღეს, აგრეთვე, მოვისმინე ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოში ახორციელებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პეტრ მიკისკას მოადგილე, ქალბატონი იანა გასპარიკოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები