გიორგი გახარია: დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება
“ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი იძლევა შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დაგეგმილი იყო, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ.
„ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. დღეს, მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ. არაგონივრული, არა ფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა-გაუქმება არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვავს, ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწოთ ხელი ეკონომიკასა და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად. ამიტომ, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.