პენიტენციური სამსახური პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში  სიუჟეტი გავიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მხრიდან უყურადღებობის მიზეზით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

მათი ცნობით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმარს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება არ ექცევა.

“2021 წლის 3 თებერვალს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მხრიდან უყურადღებობის მიზეზით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა და სიუჟეტის ეთერში გასვლის დროს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ექიმები პატიმრის გადარჩენას ცდილობდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სრული სიცრუეა, თითქოს პატიმარს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება არ ექცევა. თავად სიუჟეტში იყო აღნიშნული, რომ მსჯავრდებულ ლ.რ.-ს 2020 წლის მარტში ოპერაცია ჩაუტარდა. სინამდვილეში მსჯავრდებულს მისი საჭიროებიდან გამომდინარე არაერთხელ გაეწია სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და მხოლოდ 2020 წელს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მსჯავრდებულისთვის ჩატარებული მკურნალობის ღირებულებამ 3 372.50 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტში ითქვა, თითქოს მსჯავრდებული სასჯელს იხდის N15 დაწესებულებაში, თუმცა სინამდვილეში იგი N10 დაწესებულების პატიმარია.

რაც შეეხება 2021 წლის 3 თებერვალს მსჯავრდებულის მიერ თვითდაზიანების მიყენებას, მსჯავრდებულმა მუცლის კედლის წინა ზედაპირზე მიიყენა 5 მილიმეტრი სიღრმის დაზიანება. მას ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო მომსახურება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ. დაზიანების შემდგომი დამუშავების მიზნით იგი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია, დამატებითი კვლევები, ჭრილობაზე დაედო ნაკერი, რის შემდეგაც ლ.რ. დაუბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილს. აღსანიშნავია, რომ თავად ტელეკომპანია “ტვ პირველის” პირდაპირ ჩართვაში კადრში ჩანდა მსჯავრდებული ლ.რ., რომელიც კლინიკაში მიყვანისას თავისი ფეხით გადაადგილდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იგი არ არის მძიმე მდგომარეობაში. ამდენად სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თავად სიუჟეტში ნაჩვენებმა კადრებმა გამორიცხა.

ინფორმაციისთვის, ლ.რ. 2016 წლიდან იხდის სასჯელს საქართველოს სსკ 178-ე მუხლით (ძარცვა), ასევე წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და როგორც ზემოთ აღინიშნა, პენიტენციურ სისტემაში ყოფნისას მას არაერთხელ გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში ჩაუტარდა ბუასილის ოპერაცია, განმეორებით 2020 წლის მარტში – ოპერაცია ანალური ხვრელის სტენოზის გამო. 2020 წლის ივნისში იმყოფებოდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობაზე, სადაც მას ჩაუტარდა გამოკვლევები: ეზოფაგოგასტრო დუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია და სხვა კლინიკო- ლაბორატორიული გამოკვლევები. მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი ქრონიკული გასტრიტი, რეფლუქსეზოფაგიტი, ქრ. კოლიტი, ქრ. დუოდენიტი, ქრ. ქოლეცისტიტი. იგი რამდენჯერმე იყო გაყვანილი კლინიკაში ამბულატორიულად, მათ შორის ბოლოს 2020 წლის დეკემბერში. მიეცა რეკომენდაცია ამბულატორიულ მკურნალობაზე, რაც უტარდება დღემდე. ამასთან, მსჯავრდებულს ჩატარებული აქვს რეკომენდირებული მკურნალობის რამოდენიმე კურსი გასტროპროტექტორებით, სპაზმოლიტიკებით, პრობიოტიკებით, ფერმენტებით და ვიტამინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები