2021 წლის წიგნის ქომაგი მსახიობი ნინო კასრაძე გახდა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოავლინა და დააჯილდოვა წლის წიგნის ქომაგი.
2021 წლის წიგნის ქომაგი ნინო კასრაძე გახდა.
მასხიობს ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმჯდომარემ, რუსუდან მოსიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს.
წიგნის ქომაგის ჯილდო ნინო კასრაძეს თანამედროვე ეპოქაში წიგნისა და კინოს/თეატრის სფეროების დაახლოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში ახალი გზების/საშუალებების ძიებისთვის გადაეცა. წლების განმავლობაში მსახიობი მართავდა არაერთ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული და უცხოური ლიტერატურის წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივებას. ნინო კასრაძე მუდმივად იყო ჩართული კლასიკური და თანამედროვე ქართული პოეზიის მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციაში, გეგმავდა და ახორციელებდა პოეტისა და მხატვრის, ესმა ონიანის თეატრალიზებულ
საღამოებს.
მსახიობი არაერთხელ მონაწილეობდა წიგნის სექტორის მხარდამჭერ უპრეცედენტო საინფორმაციო კამპანიებსა და პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობდა ლიტერატურის პოპულარიზაციასა და თეატრალური სფეროს დაახლოებას თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან. ნინო კასრაძემ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოცაციასთან თანამშრომლობით 2018 წელს დააარსა პროექტი “მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ყოველ ეტაპზეც ჩართული იყო უდიდესი ენთუზიაზმით, აქტიურად იღებდა
მონაწილეობას პროექტის წარმატებით განხორციელებაში (მათ შორის ურთულეს 2020 წელს).
შეგახსნებთ, რომ წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში. ამას გარდა, ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი
უშუალო, პირდაპირი მოვალეობა. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს „წიგნების თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).
ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.