თამარ იარაჯული: მადლობა საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ ირაკლი შოთაძეს ობიექტურობისთვის და სამართლიანობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ იარაჯულის განცხადებით, მისი მცირეწლოვანი შვილი დღეს დაზარალებულად ცნეს, ხოლო იმ პირის მიმართ, რომელსაც დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” პუნქტით დაიწყო.

„ეს არის პირველი პრეცედენტი, ყოველ შემთხევაში გახმაურებული, რომელიც სკოლებში სხვა ბავშვების უსაფრთხო სწავლებას დაიცავს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვზე ძალადობა დანაშაულია და ეს დასჯადია!“, – აცხადებს თამარ იარაჯული.

შშმ ბავშვის მშობელი მის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ფეისბუქ-პოსტში ობიექტურობისთვის და სამართლიანობისთვის მადლობას უხდის საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და აღნიშნავს, რომ მას მიეცა დაპირება, რომ  პროკურატურის მხრიდან ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

„დღეს გაბრიელმა შეძლო სიტყვების გარეშე გაეგო მისი სახელმწიფოს და კანონმა ის დაიცვა! ერთი დიდი ნაბიჯი მშობლისთვის, რომ ჩვენს გარდა ჩვენს შვილებს დაიცავს კანონი და სახელმწიფო! იმედია, გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი იმის, რომ დააშავებ დაისჯები! “ – აცხადებს თამარ იარაჯული.

გაბრიელის მშობელი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და საზოგადოებას მიმართავს, რომ „მშობელს იმედი და კანონი აძლიერებს“.

აუტიზმის სპექტრის მქონე 4 წლის გაბრიელის დედამ თამარ იარაჯულმა 2014 წელს საბავშვო ბაღში მცირეწლოვანი შვილის მასწავლებლის მიერ ცემის გამო შიმშილობა დაიწყო. 2014 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღის აუტიზმის სპექტრის მქონე აღსაზრდელს, 4 წლის გაბრიელს პედაგოგმა სცემა. როგორც დედა აცხადებდა, იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი ბაღიდან შემოხეული მაისურით დაბრუნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები