თენგიზ ცერცვაძე: დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია, არანირი ხინჯი არ იქნება, ჩვენი კლინიკები უცხოეთის კლინიკებს უსწრებენ კიდეც
“ჩვენი კლინიკა კოვიდის მართვაში პირველივე დღიდან არის ჩართული, ის არის ფლაგმანი, აქვს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით და უმაღლეს დონეზე”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან 3 რეგიონშია, 7 თბილისში და, მათ შორის, ერთი ინფექციური საავადმყოფოა, სადაც ვაქცინის შესანახად საჭირო -80-გრადუსიანი 2 მაცივარია განთავსებული.
„ჯერ არ მინახავს, ვაქცინის კოლოფი რამხელაა, მაგრამ ძალიან ბევრი კოლოფის შენახვა იქნება შესაძლებელი როგორც ჩვენი ცენტრის მაცივრებში, ასევე, ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც ჩვენ დაგვჭირდება და ძირითადი მასა ლუგარში იქნება შენახული.
რაც შეეხება ექიმებს, იმდენჯერ არიან გადამზადებული და ტრენირებული, ისე კარგად ფლობენ როგორც ვაქცინაციის პროცესს, ისე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია არანირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რაც „ფაიზერს“ ახასიათებს, ალერგიული, მძიმე ალერგიული, რასაც ანაფილაქცია ჰქვია, ამის მართვის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს. 20 წელზე მეტია დირექტორი ვარ, გართულების შემთხვევები იყო, მაგრამ ერთი ლეტალური შემთხვევაც არ ყოფილა. უნდა ნახოთ, როგორი დონის სათავსოებია გამზადებული ვაქცინაციისთვის.
მინახავს უცხოეთში, ტელევიზიითაც, იმ სეგმენტში, რომელიც ეხებოდა ჰეპატიტს, შიდსს და ახლა ეხება კოვიდს, არაფრით ჩცვენი კლინკები არ ჩამორჩება უცხოეთის კლინიკებს, თუ არ უსწრებენ. ნახეთ როგორი სივრცეებია გამოყოფილი ვაქცინაციისთვის, იმ ხალხისთვის ვინც ელოდება და ვინც გაიკეთებს და ნახევარი საათი უნდა ელოდოს, გართულება ექნება თუ არა. ერთი კორპუსი უკვე არის გამზადებული და კიდევ ერთი ასეთივე კორპუსი არის რეზერვში”, – განაცხადა ცერცვაძემ.