“ჩემი თხოვნა იქნება და იმედი მაქვს, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს” – თურნავა რესტორნების თვითნებურ გახსნაზე
“გასაგებია რესტორნების უკმაყოფილება არგახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა და ეპიდსიტუაციის უგულებელყოფა მიუღებელია, რასაც შესაბამისი რეაქცია მოყვება”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რესტორატორთა ინიციატივას თვითნებურ გახსნასთან დაკავშირებით.
ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მათთან დიალოგი არ გართულდება.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და პრემიერთან ერთად ვიხილავთ, თუ როდის შევძლებთ, რომ აჭარის მოდელი, სადაც პირველი თებერვლიდან გავხსენით ღია სივრცეები, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოში და აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედი მაქვს, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, რესტორნებისა და კვების ობიექტების მფლობელებმა თვითნებური გახსნა დააანონსეს.