ქობულეთის რამდენიმე სოფელში ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა
ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა და კარანტინია დაწესებული. ადგილობრივების თქმით, დაავადება ცოფიანი ტურის ნაკბენით გავრცელდა, რომელმაც რამდენიმე მსხვილფეხა პირუტყვი იმსხვერპლა. სოფელში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.
სოფლის მცხოვრებლებს შინაური ცხოველები დროებით სადგომში ჰყავთ გამოკეტილი იმის შიშით, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ არ განმეორდეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ნატო ქარდავას განცხადებით, დაფიქსირებულია დაავადების გავრცელების 3 კერა და სამივე შემთხვევის წყარო მაღალი ალბათობით დაავადებული ტურაა.
ქარდავას თქმით, ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული ინფიცირების პირველწყარო და პრევენციის მიზნით ახლომდებარე სოფლებში – ლეღვაში, ქაქუთსა და ცეცხლაურში გამოცხადებულია კარანტინი, რაც, დაახლოებით, 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კანონმდებლობის თანახმად, აუცილებელია დაავადებული და საეჭვო ცხოველების დაუყოვნებლივ იზოლირება და ლიკვიდაცია.