„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ : თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმეში არსებული უხეში და თვალსაჩინო დარღვევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, გამოძიებაში არსებული ცხადი პოლიტიკური მოტივების გამო, „ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო“ ინიციატორი, ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე პირებს მინიჭებოდათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, რაც 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილა.

“შემდეგ წლებში, ამ საქმეში მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ”.

ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა (სამწუხაროდ – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტიც) ბოლომდე იცავდა 2012 წლამდე არსებითი დარღვევებით, დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიღებული ჩვენებებით ჩატარებული გამოძიების პოზიციას.

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” სააპელაციო სასამართლოს ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე 12 პირის მიმართ განაჩენის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით 2018 წელს მიმართა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ადამიანის უფლებათა ცენტრის მრავალწლიანი შრომის შედეგი, რითაც ყინწვისის საქმის მონაწილე 12 პირის სამართლებრივი რეაბილიტაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

ვრცლად საქმის ისტორიისა და ტენდენციების შეფასების თაობაზე იხ. მიმაგრებული დოკუმენტი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები