შალვა პაპუაშვილი: „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ უარს აცხადებს, გაასაჯაროოს, კონკრეტულად რომელი ოქმებისა და რომელი უბნების მიმართ აქვთ პრეტენზია

გუშინ, სპეციალურად მივუძღვენით ამ საკითხს ბრიფინგი, რომ გაასაჯაროონ, კონკრეტულად რომელი ოქმების და რომელი უბნების მიმართ აქვთ მათ პრეტენზია. ისინი კვლავ უარს აცხადებენ, როგორც ჩანს, ამ უბნების გასაჯაროვებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ გასული სამი თვის განმავლობაში, იყო ე.წ. მტკიცებულებების კასკადი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გაბათილდა.

„ვნახეთ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც თავად „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ იყო მცდარი და საბოლოო ჯამში, შეასწორა ეს შედეგები, და ასევე ვნახეთ 29 იანვარს „სამართლიანი არჩევნების“ პრესკონფერენცია, რომელზეც მათ დაადასტურეს, რომ მათი მეორე მიგნება, რომელიც ეხებოდა უბნების 8%-ზე დისბალანსს, რომელსაც შეეძლო 4%-იანი გავლენა მოეხდინა შედეგებზე, ესეც აღმოჩნდა, რომ იყო მცდარი და მას შემდეგ, რაც მათ გაითვალისწინეს შესწორების ოქმები, მათი შედეგები დაემთხვა ცესკოს შედეგებს, და არის არა 8%, არამედ 0,5% უბნებისა, ხოლო რაც შეეხება 4%-იან გავლენას შედეგზე – ეს პრეტენზია მათ საერთოდ მოხსნეს. თუმცა, იმავე პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ ამ შესწორების ოქმების მიმართ აქვთ პრეტენზია და ამავე დროს, მიუხედავად ჩვენი მრავალი მოწოდებისა ამ სამი თვის განმავლობაში და მათ შორის, გუშინ, სპეციალურად მივუძღვენით ამ საკითხს ბრიფინგი, რომ გაასაჯაროვონ, კონკრეტულად რომელი ოქმების და რომელი უბნების მიმართ აქვთ მათ პრეტენზია. ისინი კვლავ უარს აცხადებენ, როგორც ჩანს, ამ უბნების გასაჯაროვებაზე. ჩვენ ვნახეთ გუშინ ცესკოს განცხადებაც, რომ მათ მიმართეს „სამართლიან არჩევნებს“, რომ მიეწოდებინათ სია იმ უბნების და ოქმების, რომლებზეც მათ აქვთ პრეტენზია და მათ უარი მიიღეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შევხვდეთ და პირადად მოვისმინოთ მათგან ეს სია, თუმცა, ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ეს სამთვიანი დეზინფორმაციის კამპანია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით დამყარებული იყო, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებთან, მათ აქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშეც, რომ საბოლოოდ გაამჟღავნონ ის სიმართლე, რომელიც მათ აქვთ, არაფერი დაუმალონ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები