ეკონომიკის დაკრედიტება 874.0 მლნ ლარით გაიზარდა
2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 874.0 მლნ ლარით გაიზარდა და 37.7 მლრდ ლარს გაუტოლდა.
როგორც სებ-ის 2020 წლის დეკემბრის თვის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული, საკრედიტო პორტფელზე ზრდის მიმართულებით გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული, ასევე, უცხოური ვალუტით დაკრედიტების მატებამ.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა კი 19.4 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 9 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 88.9 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 89.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.1 პროცენტს შეადგენდა.
“საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 653.9 მლნ ლარით (4.1 პროცენტით) გაიზარდა და 16.74 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეს, ძირითადად, გრძელვადიანი დაკრედიტების მატებით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დეკემბერში 124.7 მლნ აშშ დოლარით (1.9 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.57 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.7 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 89.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.