ევროპის ქვეყნებში კოვიდშეზღუდვების შემსუბუქების მიზნით გამართული საპროტესტო აქციები პოლიციამ დაშალა

31 იანვარს ამსტერდამში პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც მომიტინგეები ე.წ. ლოქდაუნით განსაზღვრულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. პოლიციამ დააკავა, დაახლოებით, 30 ადამიანი. მათივე განცხადებით, 600-მდე ადამიანი შეკრებილი იყო კოვიდ წესების დარღვევით, არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას და უგულებელყოფდნენ პანდემიის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებულ რეგულაციებს.

ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია, რომელსაც მოქალაქეები კოვიდ რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით მართავდნენ. საპროტესტო აქციის დროს შეკრებილი იყო 5 ათასამდე ადამიანი, რომელთაც არ ეკეთათ პირბადე და არ იცავდნენ სოციალურ დისტანციის. მედიის ცნობით, დაკავებულია პროტესტის რამდენიმე მონაწილე. ცნობისათვის, 2020 წლის 26 დეკემბრიდან ქვეყანა ცხოვრობს მესამე, ე.წ. ლოქდაუნის პირობებში, დაკეტილია არაძირითადი მოხმარების მაღაზიები და გაჩერებულია ეკონომიკური საქმიანობების დიდი ნაწილი.

ბელგიაში, ბრიუსელში, შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის აღკვეთის მიზნით, პოლიციამ 200-მდე ადამიანი დააკავა;

საფრანგეთში პოლიციამ აქცია წყლის ჭავლით დაშალა.
საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა 6 ათასამდე ადამიანი, რომლებიც აპროტესტებდნენ უსაფრთხოების კანონში შესატან ცვლილებებს, მომიტინგეები მთავრობის მიერ დაწესებულ კოვიდ შეზღდვებსაც აპროტესტებდნენ. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ მომიტინგეები არ აპირებდნენ დამორჩილებოდნენ რეგულაციებს, კერძოდ, ე.წ. კომენდანტის საათით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, პოლიციას მოუხდა, მომიტინგეების წყლის ჭავლით დაეშალა.

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ინფიცირების ოდენობა მკვეთრად შემცირდება ან როცა მოსახლეობის უმრავლესობა აიცრება. ამ განცხადებას 31 იანვარს ქ. ბუდაპეშტში ასობით ადამიანის გამოსვლა მოჰყვა. მთავრობამ რესტორნების უკანონოდ გახსნისთვის ჯარიმა 5 მილიონ ფორინტამდე (14 000 ევრო) გაზარდა;

ლონდონში 70-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა წვეულებაზე დასწრების გამო, რომელიც გემზე იმართებოდა. ე.წ. ლოქდაუნის პირობებში მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც დახურულ სივრცეში აკრძალულია 15 ადამიანზე მეტის შეკრება. აღნიშნული რეგულაციის დარღვევისთვის, წვეულების თითოეული დამსწრე პოლიციამ 800 ფუნტით დააჯარიმა. ასევე, იდენტიფიცირებულ იქნა წვეულების ორგანიზატორი, რომელიც დაჯარიმდა 10 ათასი ფუნტით. „ეს იყო კოვიდ რეგულაციების უხეში დარღვევა, რომელიც შემოღებულია ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორზე დაწოლის შემცირებისა და ადამიანების სიცოცლის გადარჩენის მიზნით. თითოეულ კანონდამრღვევს მკაფიოდ განემარტა დაჯარიმების მიზეზი. პოლიცია გააგრძელებს რეგულაციების აღსრულების მონიტორინგს და შეეცდება, შეამციროს იმ ეპიდემიის გავრცელების რისკი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში 100 ათას ადამიანზე მეტი იმსხვერპლა“, – ვკითხულობთ პოლიციის განცხადებაში.
ასევე, კიდევ ერთი უკანონო წვეულება დაშალა პოლიციამ ესექსში, რომელსაც, ჯამურად, 18 ადამიანი ესწრებოდა – ისინი 15 ათასი ფუნტით დაჯარიმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები