ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაეთანხმება ან არ დაეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოში უკვე არის მისი უმრავლესობით მყარად ჩამოყალიბებული აზრი.
“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს მოსაზრება წარვუდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია “ქართულ ოცნებას” . მას შემდეგ გახმოვანდება ეს გადაწყვეტილება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ან დაუჭერს მხარს გადაწყვეტილების პროექტს, ან საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს. პოლიტსაბჭოში უკვე არის მისი უმრავლესობით მყარად ჩამოყალიბებული აზრი, თუმცა ამას სჭირდება თანხმობა უმრავლესობის” , – აღნიშნა მდინარაძემ და დასძინა, რომ “დღეს პოლიტსაბჭომ გარკვეული პოზიცია მყარად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა”.