საქართველო სატრანზიტო ფუნქციას კარგავს, – ამის შესახებ განცხადებას, მფრინავი ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი, თამაზ გაიაშვილი ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველო სატრანზიტო ფუნქციას კარგავს!
ქართველები ვამაყობთ იმით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და, იმითაც, რომ უამრავი სიკეთე გვაქვს ნაბოძები – არნახული ზღვა, მთა, ცა, მადლიანი მიწა, საუცხოო კლიმატური პირობები და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ორ კონტინენტს შორის უნიკალურ სატრანზიტო ფუნქციას ბუნებრივად გვანიჭებს. ქვეყანა დღეს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო არტერიებით უნდა იყოს დაქსელილი და ყველგან მოძრაობა უნდა იყოს გაჩაღებული, მთელ საქართველოში სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. თავის დროზე, საზღვაო ხომალდებით დაწყებული და სარკინიგზო შემადგენლობებით დამთავრებული, ჩვენ ხომ ყველაფერი გავყიდეთ და გავანიავეთ.
აფხაზეთის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი მაშინდელ ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გადაკეტა გამსახურდიამ. მას შემდეგ ამ უმნიშვნელოვანეს მაგისტრალს პრაქტიკულად არც უმუშავია. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე, ამ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობები მოთარეშე ყაჩაღური დაჯგუფებების მიერ იძარცვებოდა როგორც აფხაზეთის, ასევე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. კიტოვანი, იოსელიანი ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობების ძარცვისგან დაცვის მოტივით შევიდნენ აფხაზეთში, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პირველი მძარცველები თვითონ იყვნენ. მას შემდეგ აფხაზეთიც დაიკარგა და აგერ უკვე ოცდაათი წელიწადია, სარკინიგზო მაგისტრალიც გაუქმებულია. ამ მაგისტრალის გახსნას ქართული ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მის გახსნაზე არავინ ფიქრობს, რადგან ქვეყნის ბედს, ხშირ შემთხვევაში, ვაიპოლიტიკოსები და უმწიფარი ყმაწვილები წყვეტენ. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე, როგორც ოდითგანვე ხდებოდა, უხუცესები, ღვაწლმოსილი და ჭკვიანი ადამიანები, 20-30 წელზე მეტი სტაჟის მქონე დიპლომატები უნდა მუშაობდნენ.
ქართველი ხალხის წინაშე ვსვამ შეკითხვას: რატომ გვაქვს ჩაკეტილი ესოდენ დიდი მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო მაგისტრალი, თუკი მისი გახსნის წინააღმდეგ არც აფხაზები გამოდიან და არც რუსები? ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს არსებული მდგომარეობა ჩვენთვის ხელსაყრელია? ვიღაცა იტყვის, რომ ეს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მაგისტრალი ამიტომ გვაქვს ჩაკეტილიო. ასეთ შემთხვევაში მე მეორე შეკითხვა მიჩნდება: რუსეთმა ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ წაართვა უკრაინას ყირიმი. დონბასსა და ლუგანსკში უკრაინელებსა და რუსებს შორის მეშვიდე წელიწადია შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინას ამის გამო რუსეთთან მიმოსვლა არ შეუწყვეტია და მაგისტრალები არ ჩაუკეტავს. სხვათა შორის, არც დიპლომატიური ურთიერთობა გაუწყვეტია. ჩვენ კი, უკვე თორმეტი წელიწადია, დიპლომატიური ურთიერთობაც გავწყვიტეთ და რუსეთთან სალაპარაკო სივრცე არ გაგვაჩნია. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. მხოლოდ დიალოგი და ურთიერთობებია ის გზა, რომელსაც ნდობისა და ურთიერთგაგებისკენ მივყავართ. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ისეთივე უაზრობაა, როგორი უაზრობაც მაგისტრალების ჩაკეტვა და მიმოსვლის შეფერხება, ვინაიდან ეს ურთიერთობების გაუარესებისკენ მიმავალი გზაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ხდება, არც ქართველი ხალხის ინტერესებშია და არც – რუსი ხალხის. მაშინ ვის აძლევს ხელს საქართველოსა და რუსეთს შორის ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ამ დონემდე დაყვანა? თავზე ნაცარს თუ არ დავიყრით და კვლავ აკვიატებულ რუსულ ოკუპაციაზე არ ავლაპარაკდებით, სრულიად ნათელია, რომ ეს ხელს აძლევს მესამე ძალას, რომელიც ამით სარგებლობს და რეგიონში საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ამიტომ, ქართველებმა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, მესამე ძალის დასწრებისა და ე.წ. ჟენევის ფორმატის გარეშე. ამ ფორმატს წლების მანძილზე წარმატება არ მოუტანია და ვერც მომავალში მოიტანს. ეს ფორმატი მხოლოდ ახალგამომცხვარი პოლიტიკოსების ინტერესის სფეროშია, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობით მიღებულ რამდენიმედღიან სიამოვნებაში ფლანგავენ ხალხის ფულს. ვინმემ აგვიხსნას, რაში გვჭირდება შვეიცარიელი, ამერიკელი ან ევროპელი შუამავლები რუსეთთან ურთიერთობისას? ჩვენ რუსებთან, აფხაზებთან თუ ოსებთან დიალოგის პროცესში არც მოწმე გვჭირდება, არც მედიატორი და არც ჭირისუფალი და გულშემატკივარი. ნებისმიერ მხარესთან დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ორმხრივი, ვინაიდან სამმხრივი და ოთხმხრივი დიალოგების შემთხვევაში იმ მესამე და მეოთხე მხარის ინტერესიც აუცილებლად შემოდის, რაც საქმეს ართულებს და მოლაპარაკებებს წინასწარი მარცხისკენ მიაქანებს. როგორც ცალკეულმა პიროვნებებმა, ასევე სახელმწიფოებმა უშუალო მეზობლებთან მოლაპარაკება გადამთიელების თანდასწრებით არ უნდა აწარმოონ, ვინაიდან ისტორიულად ცნობილია, რომ ამგვარ მოლაპარაკებებს წარმატებები არ მოაქვთ. მოლაპარაკებები მაშინაა გულწრფელი, როდესაც მას, სხვათა დასწრების გარეშე, უშუალოდ დაინტერესებული სუბიექტები წარმართავენ.
როგორც რიგით ქართველს, გული მტკივა იმის გამო, რომ ჩვენი წარმოდგენები სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით ისეთივე ამაო გამოდგა, როგორი ამაოც იყო იმის მოიმედეობა, რომ ბორჯომის წყალი გვარჩენდა. სატრანზიტო ფუნქცია შესანიშნავია, მაგრამ სატრანზიტო ფუნქციაზე თუ ამყარებ იმედებს და ოცნების კოშკებსაც ამით აგებ, მაშინ მაგისტრალების ჩაკეტვისკენ კი არა, მისი გამართული ფუნქციონირებისკენ უნდა იყო ორიენტირებული. აფხაზეთზე გამავალ რკინიგზას მოჰქონდა უზარმაზარი ტვირთი რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, და პირიქით, საქართველოდან სხვა და სხვა სახის ტვირთი გაჰქონდა მოკავშირე რესპუბლიკების, ევროპის, აზიის მიმართულებით. ნებისმიერ ჭკვათამყოფელს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას. ამ წერილს ახლა შემთხვევით როდი ვწერ. ჩვენ ვხედავთ, საით მიდის საქმე. ჩვენ გვერდს აგვივლიან, ირგვლივ შემოგვივლიან და ღმერთისა და ბუნების მიერ ბოძებულ ბუნებრივ სატრანზიტო ფუნქციას დაგვაკარგინებენ. შეხედეთ რუკას და დარწმუნდებით, რომ საქართველოსთვის გვერდის ავლა დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული. დღესაც ხომ დიდი ბჭობა და ორომტრიალია ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ იმაზე თუ ფიქრობს ვინმე, რომ სატრანზიტო ფუნქციის მოშლის შემთხვევაში (რისი რეალური საშიშროების წინაშეც უკვე ვდგავართ), ანაკლიის ჯერ აუშენებელი პორტი კი არა, ფოთისა და ბათუმის უკვე აშენებული პორტებიც შესაძლებელია ოხრად დაგვრჩეს.
საქართველოში არსებობენ მწვანე ქაღალდებით მოსყიდულ პოლიტიკანთა ჯგუფები, რომლებიც სვავებივით დააცხრებიან და დაკორტნიან ყველას, ვინც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე ხმის ამოღებას გაბედავს, ან პირდაპირი მოლაპარაკებების გარდუვალობაზე დაილაპარაკებს. მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ომით ვერ დავიბრუნებთ, ვინაიდან საამისო რესურსი არ გაგვაჩნია. ან როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან ომი? ვინმეს თუ იმისი იმედი აქვს, რომ ჩვენს მაგივრად რუსეთთან ამერიკელები და ევროპელები იომებენ, ნატო იომებს, იგი რეალობისგან აბსოლუტურად მოწყვეტილია. ეს ხომ სრული აბსურდია. ისინი რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს წაქეზებაში არიან ძლიერები, დახმარებაში კი არა. დასავლეთი მუდმივად გვატყუებს, სიტყვით რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ საქმით სასტიკად ეწინააღმდეგება ამას. ნურავის ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს შეიძლება რამე დამალული დარჩეს. ყველამ ყველაფერი ვიცით. ისინი, არამარტო რუსეთთან, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინეთთან ურთიერთობასაც კი გვიშლიან, რასაც არც მალავენ. დიდი აბრეშუმის გზა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას მნიშვნელოვნად დატვირთავდა, მაგრამ საქართველოს მიერ ამგვარი ფუნქციის დაკარგვის ან თუნდაც შესუსტების შემთხვევაში, ეს პროექტიც განზე დაგვრჩება.
ოდითგანვე ასე იყო ცნობილი, რომ კავკასიის გასაღები თბილისში იდო. დღეს, ამიერკავკასიაში სრულიად ახალი რეალობის ჩამოყალიბების შემდეგ, ხომ არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ამ გასაღებმა ბაქოში გადაინაცვლა? ეს, პირველ რიგში, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების შედეგია. დასავლეთი ჩვენ არასოდეს გვწყალობდა. 1921 წლის მოვლენები გაიხსენეთ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურები დასავლეთის დახმარების იმედად იყვნენ, მაგრამ დასავლეთმა მათ დემონსტრაციულად აქცია ზურგი. რუსეთთან კარგი ურთიერთობები ყველაფერში ვლინდებოდა, კულტურით დაწყებული და პოლიტიკით დამთავრებული. წარსულში თითო-ოროლა ქართველს თუ დაასახელებთ, ვინც განათლება დასავლეთში მიიღო, რუსეთმა კი მთელი პლეადა გამოზარდა, რომლებიც ახალ საქართველოს საფუძვლებთან იდგნენ. საქართველოში მოსახლეობის პირველი აღწერა რუსებმა ჩაატარეს და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში ჩემოყალიბდა. სანამდე უნდა ვმალოთ, რომ დასავლეთის იმედად დარჩენილი საქართველო უფსკრულისკენ მიექანება. ახლა ის პერიოდი დგება, რომ, გონს თუ არ მოვეგებით, დაკარგული ტერიტორიებს დაბრუნებაზე ფიქრი კი არა, ახალი ტერიტორიების დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით.
რას გვაძლევს დასავლეთი იმის სანაცვლოდ, რომ რეგიონის კონტექსტიდან მთლიანად ამოვვარდეთ, გეოპოლიტიკური ფუნქცია დავკარგოთ და ლუკმა-პურის საძებნელად მსოფლიოში მიმოვიფანტოთ?
რის სანაცვლოდ ვთანხმდებით ამ საშინელ ხვედრზე?
რომელი სიკეთე და სიხარული შემოვიდა დასავლეთიდან ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში – დაკარგული ტერიტორიები? თბილისის (ვაზიანის) სამხედრო პოლიგონი, სადაც ნატოს წვრთნები იმართება? დანგრეული და ჯართად გაყიდული უნიკალური ფაბრიკა-ქარხნები? ოცდაათ წელიწადში ორი მილიონით შემცირებული მოსახლეობა და, აქედან გამომდინარე, შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება? მომავალი თაობისთვის აკიდებული ათეულობით მილიარდი დოლარის ვალი? ჩვენი კულტურისა და მენტალობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი უზნეობისა და გარყვნილების პროპაგანდა? ამისთვის იბრძოლა მთელმა თაობამ? ამ შეკითხვებს მე ხომ არ ვსვამ ქართველი ხალხის წინაშე, ამას თავად ცხოვრება სვამს. თითოეული ქართველი განა ამას არ ეკითხება საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც?! მიმოიხედეთ ირგვლივ, მოუსმინეთ ხალხს და მიხვდებით, ეს სწორედ ის შეკითხვებია, ყოველი მათგანის გულს დანასავით რომ სერავს. სად გავექცეთ უპასუხოდ და უყურადღებოდ დატოვებულ ამ აბეზარ შეკითხვებს? დღეს ამ შეკითხვების პასუხად მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ქართველები საგარეო პოლიტიკას დიამეტრალურად თუ არ შევცვლით, საქართველო ფუნქციას დაკარგავს და დაიღუპება”! – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.