„ლოგიკური იქნება, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას სასტუმრო ინდუსტრიისა და რესტორნების გახსნა მოჰყვეს” – ოთარ ანგურიძე

“ლოგიკური იქნება, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას სასტუმრო ინდუსტრიისა და რესტორნების, კვების ობიექტების გახსნა მოჰყვეს”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგურიძემ კოვიდშეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა შეაფასა.

„საკმაოდ რთული ვითარებაა. თუმცა, ეს რთული ვითარება, როგორც ყოველდღიური დაინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, უკვე ქარწყლდება. გადავდივართ ისეთ ეტაპზე, როდესაც სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, მოხსნას ის ლოკალური შეზღუდვები, რომელიც ეკონომიკის სექტორების მიხედვით იყო დაწესებული. დღეს ვნახეთ, რომ საერთაშორისო ფრენები აღდგა. საჰაერო საზღვარი, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანასთან იხსნება, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად გადაალაგოს ის პრიორიტეტები, რომელიც აქამდე დასახული იყო იმისათვის, რომ სექტორების სტიმულირება, წახალისება ეტაპობრივად მოეხდინა და მოქალაქეებსაც მეტად ჰქონოდათ შესაძლებლობა, ძველ, აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.
ყველაზე ლოგიკური იქნება, საერთაშორისო ფრენების აღდგენას სასტუმრო ინდუსტრიისა და რესტორნების, კვების ობიექტების გახსნა მოჰყვეს. ეს ბუნებრივი მოთხოვნაა იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც საერთაშორისო ვიზიტორების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას უკავშირდება. წინა კვირას ვნახეთ, რომ უცხოელი ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლის პროცედურებიც გარკვეულწილად გამარტივდა. ეს ბუნებრივად აჩენს პოზიტიურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ეკონომიკა მალე დაუბრუნდება იმ ჩვეულ რიტმს, რაც თუნდაც 1 წლის წინ გვქონდა.
ამასთან, ეკონომიკის გახსნას სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე, დაკვირვება – თუ რომელი სექტორის გახსნა, დაინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით როგორ დინამიკას მოგვცემს“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან ქვეყნის ეკონომიკა ნაწილობრივ გაისხნა. 1-ელი თებერვლიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა: გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. თუმცა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნებათ. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. ასევე, ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგა.

თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, ქვეყანაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები