„მნიშვნელოვანია, სწორი “ოქროს შუალედის” დაჭერა მოხდეს“ – ვახტანგ ჭარაია კოვიდშეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე

“თუ ჩვენ ეკონომიკის მასობრივი გახსნის გზით წავალთ, შეიძლება, ამან მოკლევადიან პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი რადიკალურად გაზარდოს, რაც, საბოლოოდ, დააზიანებს როგორც ქვეყნის ზოგად კეთილდღეობას – გაზრდის სიკვდილიანობას, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტზე დაწოლაც გაიზრდება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

ჭარაიამ კოვიდშეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის სამთავრობო გეგმა შეაფასა.

„მართალია, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაკვეთა შეიძლება, ეკონომიკის სრული გახსნა იყოს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს მთლიანი მოსახლოების ინტერესი ნამდვილად არ გახლავთ. საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის ნაწილს, ანუ ადამიანის სიცოცხლეს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე – ცალკე აღებულ ეკონომიკურ კეთილდღეობას. შესაბამისად, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სახელმწიფოს ინტერესები არა მარტო ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, არამედ, პირველ ყოვლისა, ადამიანების სიცოცხლეზე გადის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სწორი “ოქროს შუალედის” დაჭერა მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არც პანდემიის გამო გარდაიცვალონ და, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაკარგული სამსახურების, მიუღებელი შემოსავლების გამო არ გაირთულონ ცხოვრება და, პირობითად, არ იყვნენ შიმშილის ზღვარზე. ამიტომ, გასათვალისწინებელია ის მიმართულებები, სადაც თამამად შესაძლებელია ეკონომიკის გახსნა. ასეთები ნამდვილად არის. ჩვენი აზრით, უფრო ადრეც იყო შესაძლებელი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი, მოლები გახსნილიყო. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო, სხვადასხვა გასართობ ობიექტს უფრო მეტი სითამამით მოვკიდებოდით, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტებიც იგულისხმება, სადაც შეიძლება, 100 %-იანი გახსნა არა, მაგრამ უფრო მეტი სითამამით შეიძლებოდა მოქმედება.

არის მომენტები, სადაც არ ვეთანხმებით სახელმწიფო გადაწყვეტილებებს, თუმცა, არის ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხები სადაც აუცილებელია, პირველ ყოვლისა, ჯერ ადამიანის სიცოცხლე დააყენო და შემდგომ – ეკონომიკა. თუ ჩვენ ეკონომიკის მასობრივი გახსნის გზით წავალთ, შეიძლება, ამან მოკლევადიან პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი რადიკალურად გაზარდოს, რაც, საბოლოოდ, დააზიანებს როგორც ქვეყნის ზოგად კეთილდღეობას – გაზრდის სიკვდილიანობას, ასევე სახელმწფო ბიუჯეტზე დაწოლაც გაიზრდება“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის საკმაოდ დიდი დილემად შეიძლება, იქცეს ის, თუ როგორ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე ისე, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფინანსური შემოსავლები შეინარჩონოს.

„პანდემიის კონტექსტში ქალაქებში, მაგალითად თბილისში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, ტრანსპროტის, კვების ობიექტების გახსნა საკმაოდ დიდ სირთულეებს უკავშირდება. ამან შესაძლოა, ვირუსის გავრცელების ახალი ჯაჭვი გამოიწვიოს. შესაბამისად, სახელმწიფოს წინაშე ძალიან რთული მიზანია: მან ერთდროულად უნდა უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას – დააკმაყოფილოს მათი როგორც ჯანმრთელობის, ასევე, ეკონომიკის კუთხით კეთილდღეობა. სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და მათ ფინანსურ კეთილდღეობას. ეს, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი სქემაა, შეიძლება, ვიღაცისთვის პარადოქსუალდაც გამოიყურებოდეს, თუმცა მთლიანობაში სახელმწიფოსთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის საკმაოდ დიდ დილემად შეიძლება, იქცეს: როგორ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე ისე, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფინანსური შემოსავლები შევინარჩონოთ. ეს რთული ამოცანაა, თუმცა, მეტ-ნაკლები პროპორციითა და წარმატებით შესაძლებელია. ამიტომ, სახელმწიფო სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს აქტიური“, – განაცხადა ჭარაიამ.

შეგახსენებთ, დღეიდან ქვეყნის ეკონომიკა ნაწილობრივ გაისხნა. 1-ელი თებერვლიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა: გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. თუმცა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნებათ. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. ასევე, ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგა.
თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, ქვეყანაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები