ევროკომისიის თავმჯდომარე: “ასტრაზენეკა” ვალდებულია, ბრიტანეთში წარმოებული ვაქცინა გადმოგვცეს

კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია AstraZeneca ვალდებულია, ევროკავშირს ბრიტანეთში წარმოებული ვაქცინა გადასცეს იმისთვის, რომ ბელგიის წარმოების დეფიციტი აღმოიფხვრას.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოცემა Deutschlandfunk-ს განუცხადა.

“კომპანიამ კონტრაქტში წარმოების 4 ადგილი მიგვითითა, ორი მათგანი ბრიტანეთშია. ეს მათი არჩევანი იყო. სწორედ ისინი აპირებენ წარმოებას. საბოლოოდ, როგორ შეძლებენ ამის გადაჭრას – კომპანიის ამოცანაა”, – თქვა ფორ დე ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკომისიას ვაქცინის 400 მილიონი დოზისთვის 336 მილიონი ევრო აქვს გადახდილი, აქედან პირველი 100 მილიონი დოზა “ასტრაზენეკას” წლის პირველ კვარტალში უნდა მიეწოდებინა. თუმცა, გასულ კვირას კომპანიაში განაცხადეს, რომ, ბელგიის ქარხანაში წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მხოლოდ 25%-ის შესრულებას შეძლებენ და რომ დეფიციტს ბრიტანეთიდან იმპორტით ვერ შეავსებენ.

“მოვუწოდებ კომპანიას, აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მესმის, რომ მათ სირთულეები აქვთ. ამის გამჭვირვალობა გვსურს, რატომ ხდება ასე. იქნებ, შევძლოთ მათი დახმარება. გვსურს ვიცოდეთ, რატომ არ შეგიძლიათ დღეს შეასრულოთ ის, რაც კონტრაქტით არის გაწერილი, კერძოდ ის, რომ ჩვენ თქვენს კომპანიაში მილიონობით ინვესტიცია განვახორციელეთ. სად არის ჩვენთვის განკუთვნილი დოზები?”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები