ადვოკატი: მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი ეხება, თუმცა, იგი საპატიმროს დატოვებს მას შემდეგ, რაც დაზარალებულთა თანხმობა ექნება

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმის „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი შეეხო, თუმცა, იგი პენიტენციურ დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც დაზარალებულთა თანხმობა ექნება. აღნიშნულის შესახებ მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

უფლებადამცველის განმარტებით, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაზარალებულთა დიდი ნაწილის მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია.

„მაია რჩეულიშვილს ორი მუხლის განაჩენით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით და დამატებული 3 წლით ვადით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა 4-წლიანი სასჯელი წინა წელს მოიხადა, მაგრამ რადგანაც დამატებული ჰქონდა 3 წელი, ამიტომ, ის ჯერ ვერ გამოდის, საპროცესო შეთანხმებაზე მიდის საუბარი.
რაც შეეხება „ამინისტიის შესახებ“ კანონს, მაია რჩეულიშვილს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ დაზარალებულები თანხმობას განაცხადებენ მის გამოშვებაზე, ამიტომ, პროკურატურამაც მიზანშეწონილად, საპროცესო შეთანხმება ჩათვალა.
ასევე, პროკურატურის დათქმა რაც იყო, რომ ინვესტორები „ცენტრ პოინტის“ ყველა ობიექტზე უნდა შევიდნენ – ფაქტიურად შესრულებულია, აქედან გამომდინარე წვრილმანი დეტალებია დარჩენილი. დაზარალებულთა დიდი ნაწილი კი, დაკმაყოფილებულია.
ვფქირობთ, რომ უახლოეს მომავალში მაია რჩეულიშვილის საკითხი საპროცესო შეთანხმებით გადაწყდება გადაწყდება, რადგან მას კიდევ 3 წელზე ცოტა ნაკლები აქვს დარჩენილი”, – განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულები არიან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, ქეთევან ჟორდანიას კი, 5 წლით პირობითი მსჯავრი. მისჯილი 7 წლიდან მაია რჩეულიშვილს 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს.
კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები