“სრული ლუსტრაციაა ის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღო ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და არავითარ რუკებზე საუბარი არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მართლმსაჯულების მიზანი არ არის, ადამიანი დაკავებული ჰყავდეს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს.
„აღმაშფოთებელია და სრული ლუსტრაციაა ის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღო ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და არავითარ რუკებზე საუბარი არ არის, ივერი მელაშვილი სრულად მხარდაჭერილია თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს არის ფაქტი და ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. ამ ფაქტიდან გამომდინარე იმ ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ, რაც ეხება პარლამენტთან, არჩევნებთან, პარტნიორებთან დამოკიდებულებას და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
მართლმსაჯულების მიზანი არ არის, ადამიანი დაკავებული ჰყავდეს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. სასამართლო წინ არის, გირაოთი გამოშვება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იჯდეს და თავის განაჩენს ელოდებოდეს. ეს სახელმწიფოს პოლიტიკას კარგად ახასიათებს, რომლის კანონების მიხედვითაც, სასამართლო მოქმედებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გუშინ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.