მამუკა მდინარაძე:  იაგო ხვიჩიასთან შეხვედრაზე დადასტურდა, რომ მას სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და მოლაპარაკებების შედეგად, პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატის შემოსვლა უზრუნველყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ყველა ბერკეტი აქვთ ჩართული, რომ საბოლოო შედეგი პარლამენტში არშემოსვლა იყოს, როცა ასეთი მიზანია, მათთან საუბარი წარმოუდგენელია, ამას ვუმტკიცებდი იაგო ხვიჩიას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „გირჩის“ წევრთან, იაგო ხვიჩიასთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დადასტურდა, რომ იაგო ხვიჩიას სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატის შესვლა უზრუნველყოს.

„ამ შეხვედრას მმართველი გუნდიდან ჩემ გარდა არავინ ესწრებოდა. როგორც ჩანს, იაგოს განცდა აქვს და ამ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და გარკვეული მოლაპარაკებების შედეგად უზრუნველყოს, რომ 113-ზე მეტი დეპუტატი აღმოჩნდეს საქართველოს პარლამენტში.

მას აქვს გარკვეული წარმოდგენები და პირობები ამასთან დაკავშირებით. რასაც საჯარო ვახმოვანებთ, იგივე არგუმენტები გავიარეთ, გარკვეულ თემებზე ვიკამათეთ, ბევრ რამეში არ ვეთანხმები. თუ ის დეტალიზაციას მოისურვებს, ამ საუბრისთვის მზად ვარ. არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრების მიზანი უნდა იყოს ისეთი მოლოდინები, რომელიც შეიძლება, რეალობაში აღარ აისახოს.

მოლოდინი არ მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ განწყობილი არიან, პარლამენტში შემოვიდნენ. პირიქით, მათ ყველა ბერკეტი აქვთ ჩართული, მათ შორის მათი მედიასაშუალებები და ე.წ. მესიჯბოქსი საიმისოდ, რომ დააბულინგონ სხვები და საბოლოოდ შედეგი იყოს პარლამენტში არშემოსვლა. როცა მიზანია, პარლამენტში არშემოსვლა და არშეთანხმება, მათთან ერთად რაღაც საკითხებზე საუბარი არის წარმოუდგენელი და ამას ვუმტკიცებდი იაგო ხვიჩიას.

მისი მოლოდინები ვერ გავიზიარე. რასაც ისინი კრიზისს ეძახიან, მგონია, რომ კრიზისი ვერ გასცდა შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები