ათეა-ს მიერ წარდგენილი კანდიდატი – ნინო რუხაძე ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ წარდგენილი კანდიდატი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – ნინო რუხაძე, შავი ზღვის რეგიონიდან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს.
ათეა-ს ცნობით, როგორც აღნიშნული საბჭოს ევროპული ურთიერთობების აღმასრულებელმა დირექტორმა – ანჟელიკა მოგელემ აღნიშნა, საქართველოს წარმომადგენლის ვიცეპრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განვითარებასა და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას.
“CEMR-ის პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ქართული დელეგაციიდან, ასევე, ბათუმისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები – ნატალია ზოიძე და სალომე ღონღაძე ესწრებოდნენ.
სხდომის წევრებმა პოლიტიკის კომიტეტისა და ეროვნული დელეგაციების ხმის მიცემის უფლებების განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს და თემატურ დებატებში: ,,ევროკავშირის ახალი მიდგომა მიგრაციის, თავშესაფრის, ინტეგრაციისა და ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების პერსპექტივიდან“ მიიღეს მონაწილეობა.
დღესვე, რამდენიმე პრეზენტაციაც მოეწყო, რომლებიც 2020 წლამდე ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესრულებას შეეხებოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრებმა CEMR– ის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ – Horizon 2051: Local Futures for Europe ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც ევროპის 250 – მდე ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების პირველი პირები ჩაერთნენ.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა თემებზე გაიმართა დისკუსიები და დაიგეგმა სამომავლო პრიორიტეტები.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში CEMR 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემის განხილვაში.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.